Aa
Aa

მატჩის წინ - ბაიერნი VS ბეშიქთაში

რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, „ბაიერნი“ 1/8 ფინალში ჯგუფის მე-2 ადგილოსნის რანგში გავიდა, ხოლო „ბეშიქთაში“ - ლიდერის, რაც ნიშნავს, რომ მცირე უპირატესობა, რაც საპასუხო მატჩის საკუთარ კედლებში თამაშს გულისხმობს, თურქებს ექნებათ.

იუნხენელები შეხვედრას ბრწყინვალე სერიით ხვდებიან და უკანასკნელი 12 ოფიციალური შეხვედრა ზედიზედ აქვთ მოგებული.

ზოგადად, იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით „ბაიერნმა“ 23 თამაში ჩაატარა და ფანტასტიური სტატისტიკა აქვს - 21 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.

ბრძოლისუნარიანი და ძლიერი გუნდი ჰყავს შენოლ გიუნეშსაც, რომელიც თურქეთის მოქმედი ჩემპიონია, გასული წლის „ევროპა ლიგაზე“ კი 1/2 ფინალში გასვლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

ფავორიტი, რა თქმა უნდა, გასაგებია, თუმცა სტამბულელთა ხელმძღვანელები ოპტიმისტურ და თამამ განცხადებებს აკეთებენ, რაც საინტერესო დაპირისპირებას გვპირდება.

გუნდების ახალი ამბები

* „რეკორდმაისტერმა“ შაბათს „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ გასვლითი მატჩი რთულად მოიგო - 2:1. გოლები სანდრო ვაგნერმა და ლევანდოვსკიმ გაიტანეს.

* მასპინძლებს მანუელ ნოიერი დააკლდებათ. სხვა მხრივ, შემადგენლობა ოპტიმალურია.

* „ბეშიქთაშმა“ თურქეთის ჩემპიონატის შეხვედრა პარასკევს „ქონიასპორთან“ სტუმრად ჩაატარა. რაიან ბაბელის პასით გატანილი ატიბა ჰათჩინსონის გოლი, გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა - 1:1.

* კავლაკის, ატინჩის, ტორესა და ტოშიჩის სახით, სტუმრებს შესამჩნევი დანაკლისი აქვთ.

მწვრთნელების პრესკონფერენცია

იუპ ჰანიკესი (ბაიერნი): „ბეშიქთაშის“ წარმატების საიდუმლო, მისი მწვრთნელია. 65 წლის ასაკში, ის ძალიან გამოცდილია და ტოპ სპეციალისტებს შორისაა. მან ესმის, როგორ უნდა შეკრას გუნდი ერთ მუშტად.

„ბეშიქთაში“ კარგად ორგანიზებულია და იცის, კონტრშეტევებზე როგორ ითამაშოს. მათ მიმართ შემიძლია მხოლოდ კომპლიმენტები გამოვთქვა“.

შენოლ გიუნეში (ბეშიქთაში): „ბაიერნს“ სადაც არ უნდა ხვდებოდე, ფავორიტი ის იქნება. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ასეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ და ვეცდებით, რომ ამ გამოწვევით, სიამოვნება მივიღოთ.

მათ ორი გუნდის გამოყვანა შეუძლიათ, რადგან უამრავი ტოპ კლასის ფეხბურთელი და ღრმა შემადგენლობა ჰყავთ. ჩვენ ველოდებით, რომ რობენთან და ლევანდოვსკისთან მოგვიწევს თამაში, ასევე რიბერისთან. თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ითამაშებს, საჭიროა ჩვენი საქმე გავაკეთოთ და ფრთხილად ვიყოთ. გვსურს, რომ მეტოქის ნახევარზე პრესინგი ვითამაშოთ და მათ ცხოვრება გავურთულოთ.

მადრიდის „რეალისა“ და „მილანის“ შემდეგ, „ბაიერნი“ ევროპის ყველაზე წარმატებული კლუბია და ყველაზე მეტი ფინალი აქვს ნათამაშები“.

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით

ბაიერნი (4-1-2-3): ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ვიდალი - მიულერი, ხამესი - რობენი, კომანი, ლევანდოვსკი.

ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - გიონული, პეპე, ვიდა, ადრიანო - ჰათჩინსონი, მედელი - კუარეშმა, ტალისკა, ბაბელი - ვაგნერ ლავი.

მსაჯი და განმეორებითი მატჩი

შეხვედრას რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც ოვიდიუ ჰაცეგანი უხელმძღვანელებს. გუნდები საპასუხო დაპირისპირებას 14 მარტს გამართავენ.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები