Aa
Aa

მატჩის წინ: ჩელსი VS ბარსელონა

დღეს, „ჩემპიონთა ლიგაზე“ კლასიკური დაპირისპირება შედგება - „ჩელსი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

ამ გუნდებს ერთმანეთთან შეხვედრის დიდი ისტორია და გამოცდილებაც აქვთ.

ლონდონელები და კატალონიელები ერთმანეთს აქამდე 12-ჯერ შეხვდნენ. 4 შემთხვევაში გამარჯვებული „ჩელსი“ დარჩა, 3 „ბარსამ“ მოიგო, ხოლო 5-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო დაპირისპირება 2012 წელს შედგა და ქომაგებს ის დრამატული მატჩი კარგად ახსოვთ. 10 კაციანმა „ჩელსიმ“ შეძლო და „ბლაუგრანას“ ბარიერი გადალახა, შემდეგ კი სანუკვარ „ჩემპიონთა ლიგის“ თასსაც დაეუფლა.

გუნდების ახალი ამბები

დღევანდელ შეხვედრას მწვრთნელები განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ერნესტო ვალვერდეს გუნდი შვეიცარიული საათივითაა აწყობილი და ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობს. სრულიად საპირისპირო ვითარებაშია ანტონიო კონტე, რომელსაც სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით პოსტს დაატოვებინებენ.

„ჩელსიმ“ ბოლო რამდენიმე მატჩი ძალიან სუსტად ჩაატარა და მოულოდნელად დამარცხდა, რამაც პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მათი პოზიციები შეარყია. კონტეს გუდს 53 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება. „ლურჯები“, თანაქალაქელ „ტოტენჰემს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.

„არისტოკრატებმა“ ბოლო შეხვედრა ასოციაციის თასზე გამართეს და „ჰალს“ 4-0 სძლიეს. წყნარად და ლამაზ სტილში მოპოვებული გამარჯვება „ბარსელონასთან“ მატჩამდე მნიშვნელოვანი იყო. უნდა ავღნიშნოთ, რომ ხსენებულ შეხვედრაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა ლონდონელთა ახალწვეულმა ოლივიე ჟირუმ.

რაც შეეხება „ბარსას“, კატალონიელები ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ და უახლოეს მდევარ „ატლეტიკოს“ 7 ქულით უსწრებენ.

უკანასკნელ ტურში „ბლაუგრანამ“ „ეიბარს“ სტუმრად 2-0 სძლია. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ვალვერდეს „ჩელსისთან“ მატჩის წინ შემადგენლობის გადახალისება არ უცდია. ბასკი სპეციალისტი ლუის ენრიკეს შეცდომებს არ იმეორებს.

ვალვერდემ „ეიბართან“ სრული საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა და სავარაუდოდ, იგივე თერთმეტეულს ვიხილავთ „სტემფორდ ბრიჯზეც“, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს დავიდ ლუისი, როს ბარკლი და ტიემუ ბაკაიოკო ვერ დაეხმარებათ, ხოლო სტუმრებს ნელსონ სემედუ არ ეყოლებათ.

მატჩამდე, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და ერთმანეთის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.

ანტონიო კონტე (ჩელსი): „დიდი გამოცდაა, როდესაც ასეთ მეტოქეს უპირსპირდები. „ბარსა“ ფანტასტიური გუნდია და ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. უდაოა, რომ გაგვიჭირდება. როდესაც სიტყვა ფანტასტიურს ვამბობ, ამაში მესის, სუარესს, ინიესტასა და მთელს გუნდს ვგულისხმობ.

ჩვენ „ბარსას“ კარგად ვიცნობთ. დიდი ყურადღებით თამაში გვმართებს. კატალონიელებს ბურთის ფლობა უყვართ და ბევრ მომენტსაც ქმნიან. მზად ვართ, რომ უბურთოდ ვითამაშოთ. ვიცით, თუ როგორი ტანჯვაც არის ეს, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ.

მესი? ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა და მის მეურვეობას დიდი ყურადღება სჭირდება, მაგრამ ამის გამო სხვები არ უნდა დავივიწყოთ“.

ერნესტო ვალვერდე: (ბარსელონა) „ლონდონელთა წინააღმდეგ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ და შევეცადოთ გოლები გავიტანოთ.

„ჩელსი“ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი გუნდია და ისინი თავს კარგად იცავენ. მათ კონტრშეტევებზე თამაში იციან და ამ მხრივ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ლონდონელებს ჩვენი გაოცება შეუძლიათ.

ამ მატჩზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით და ვემზადებოდით. მესი? დიახ, ვიცი რომ მას „ჩელსისთან“ არ უმართლებდა, მაგრამ ახლა სხვა დროა.

ჩვენ გვსურს, რომ ამ ტურნირზე ასპარეზობა განვაგრძოთ.

ჩემი მეტოქე ანტონიო კონტე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისი კარიერა შესანიშნავია.ჩელსის“ უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავთ - აზარი, მორატა, პედრო, ჟირუ და სხვები. მათ ბოლო შეხვედრებში თამაში გააუმჯობესეს.

ჩვენ, „ჩემპიონთა ლიგაზე“ გასულ სეზონში სტუმრად ჩატარებული მატჩების შედეგები განვიხილეთ. ეს კატასტროფული იყო და ამას მომაკვდინებელი შედეგი ჰქონდა. წელს იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება“.

საინტერესო ფაქტები

საინტერესოა, რომ  2007 წელს „ლივერპულთან“ დამარცხების შემდეგ, „ბარსას“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ 1/8 ფინალი არ წაუგია.

„ბლაუგრანას“ ინგლისურ კლუბებთან გასვლით შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს - 15 მარცხი, 9 მოგება და 8 ფრე.

„ჩელსის“ ამ მხრივ ნაკლებად ეფექტური სტატისტიკა აქვს. ლონდონელბემა უკანასკნელ ორ 1/8 ფინალში მარცხი იწვნიეს და ეს ორივეჯერ „პსჟ“-სთან მოხდა.

საინტერესოა, რომ ეს მხოლოდ მესამე შემთხვევა იქნება, როცა „არისტოკრატები“ 1/8 ფინალის პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

„ჩელსის“ ესპანურ გუნდებთან პლეი-ოფებში ათჯერ აქვს ნათამაშები და სტატისტიკა უარყოფითი აქვს - 6 მარცხი, 4 გამარჯვება.

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით:

ჩელსი: (3-4-3) კურტუა, კრისტენსენი, ასპილიკუეტა, კეჰილი, მოზესი, ალონსო, კანტე, ფაბრეგასი, აზარი, პედრო, მორატა.

ბარსელონა: (4-4-2) ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, ბუსკეცი, რაკიტიჩი, ინიესტა, პაულინიო, მესი, სუარესი.

მატჩის მთავარი არბიტრი თურქი ჩუნეთ ჩაქირი იქნება, რომელიც 2012 წელს ამ გუნდებს შორის „კამპ ნოუზე“ გამართულ ნახევარფინალურ დაპირისპირებას გაუძღვა.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები