იტალიური პრესა:
Aa
Aa

იტალიური პრესა: "მილანის" მფლობელი გაკოტრდა, თუმცა გვირაბის ბოლოს სინათლეა...

იტალიური პრესის ცნობით, "მილანის" მფლობელ ლი იონჰონის კომპანია Taobao (Ebay-ის ჩინური ვერსია), ბანკროტად გამოცხადდა და იგი აუქციონზე გაიყიდება.

Corriere della Sera-ს თქმით, ლი იონჰონს, რომელმაც "მილანის" შესაძენად და მისი განვითარებისთვის უკვე 740 მილიონი ევრო დახარჯა, საკუთარი კაპიტალის სახით მხოლოდ 100 მილიონი ევრო ჰქონდა, 300 მილიონი ერთ-ერთი კომპანიისგან მოიძია, ხოლო 340 მილიონი ევრო ოფშორული ზონებიდან მიიღო.

ლის ეს თანხები დასაფარი აქვს, თუმცა საამისოდ კაპიტალი აღარ გააჩნია, ხოლო მისი კომპანიის გაკოტრება, ამ ადამიანის, როგორც ბიზნესმენის, თითქმის ანულირებას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ჩინელმა ფუნქციონერმა, "მილანი", გასული წლის აპრილში, სილვიო ბერლუსკონის კომპანიისგან შეიძინა.

რამდენიმე თვის წინ აპენინურმა გამოცემებმა ლის ფინანსური პრობლემების შესახებ დაწერეს და აღნიშნეს, რომ ჩინელი, "როსონერის" აქციათა პაკეტის მიყიდვას არაბი ინვესტორისთვის - ფავაზ ალჰოკაირისთვის აპირებდა, რომელსაც იტალიის მასშტაბით რამდენიმე მსხვილი ბიზნესი აქვს.

ალჰოკაირის კომპანიის - Fawaz Abdulaziz Alhokair Group-ის კაპიტალით მიმდინარეობს, რომში არსებული შოპინგ ცენტრის - Pescaccio-ს რეკონსტრუქცია, რომელიც სამომავლოდ, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი შოპინგ ცენტრი იქნება.

მილანური ტელეარხი Telelombardia ამბობს, რომ "მილანის" ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, სწორედ Fawaz Abdulaziz Alhokair Group-ის თანხებით საზრდოობს და "როსონერის" ახალი სტადიონის გეგმაც, აქედანაა გაწერილი.

აღნიშნული 2 პროექტი, რომელიც Fawaz Abdulaziz Alhokair Group-ს უკავშირდება, დაახლოებით 1.5 მილიარდად ფასდება.

რაც შეეხება ფავაზ ალჰოკაირს, მისი პირადი ქონება, Forbes-ის დეკემბრის მონაცემებით, 1.23 მილიარდი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები