ტელეპატიური ურთიერთობა მოედანზე - TOP 10 დუეტი ფეხბურთის ისტორიაში
Aa
Aa

ტელეპატიური ურთიერთობა მოედანზე - TOP 10 დუეტი ფეხბურთის ისტორიაში

ფეხბურთის ისტორიაში ბევრი მრისხანე დუეტი და ტრიო გვინახავს.

ისტორიას, რომ გადავხედოთ, შეტევაში ბევრი ლეგენდარული ტრიო არ ყოფილა, თუმცა მრავლად იყო მაგიური დუეტები, რომლებსაც შეიძლება ითქვას მოედანზე ტელეპატიური ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთს უსიტყვოდ უგებდნენ.

გთავაზობთ TOP 10 დუეტს, რომლებმაც თავიანთ გუნდებში ეპოქა შექმნეს.

***

დუაიტ იორკი და ენდი კოული (მანჩესტერი)

1998/1999 წლების სეზონში, დუაიტ იორკისა და ენდი კოულის დუეტი დამანგრეველად მოქმედებდა. სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით, ხსენებულ სეზონში „მანჩესტერმა“ ტრებლის მოგება შეძლო.

იორკსა და კოულს სათადარიგოთა სკამიდან, ზურგს ტედი შერინგემი და ოლე გუნარ სოლსკიაერი უმაგრებდნენ. საბოლოოდ ამ ოთხეულმა „ბაიერნის“ წინააღმდეგ „კამპ ნოუზე“ გამართულ ფინალში უდიდესი როლი ითამაშა და თასიც „წითელ ეშმაკებს“ დარჩათ.

ამ შესანიშნავ სეზონში, იორკმა და კოულმა „იუნაიტედის“ რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარეს და 53 გოლის გატანა შეძლეს.

 

***

რაულ გონსალესი და ფერნანდო მორიენტესი (რეალი)

21-ე საუკუნის დასაწყისში ფერნანდო მორიენტესისა და რაულ გონსალესის ტანდემი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში იყო.

ესპანური დუეტი მადრიდის „რეალის“ მთავარი დამრტყმელი ძალა იყო.

რაულისა და მორიენტესის ახლო ურთიერთობა მოედანს მიღმაც გრძელდებოდა. მორიენტესის ქორწილში, რაული მისი მეჯვარე იყო.

2002 წელს, როცა „რეალმა“ რონალდო შეიძინა და ფერნანდო მორიენტესს გუნდი დაატოვებინეს, რაულმა მისი სოლიდარობის ნიშნად, მეგობრის 9 ნომრიანი მაისური ჩაიცვა.

***

იან რაში და კენი დალგლიში (ლივერპული)

1981 წელს ლეგენდარულ კენი დალგლიშს 10 თვიანი უგოლო სერია ჰქონდა, რა დროსაც გუნდში იან რაში მიიყვანეს და ასე შეიქმნა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დუეტი.

მომაკვდინებელმა წყვილმა „ლივერპულს“ უამრავი ტიტული მოაგებინა. ინგლისში სამჯერ გაჩემპიონების შემდეგ, „მერსისაიდელებმა“ 1983/1984 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის (ლიგა) შენარჩუნებაც მოახერხეს.

დალგლიშმა და რაშმა ამ საოცარი პერიოდის განმავლობაში 59 გოლის გატანა შეძლეს, რაც იმ დროისთვის მართლაც საოცარი შედეგი იყო.

***

ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

„ბარსელონას“ სკოლის „ლა მასიას“ აღზრდილებმა ჩავიმ და ინიესტამ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ნახევარდაცვის ცენტრში საუკეთესო დუეტი შექმნეს.

მოედნზე მათი ურთიერთობა ფეხბურთში ახალი სიტყვა იყო. ჩავისა და ინიესტას გასაოცარი პასები და მოძრაობები დაუვიწყარი გახლდათ.

ისინი, ერთმანეთს თვალდახუჭულიც უგებდნენ. „ბარსასთან“ ერთად ჩავიესტას დუეტმა ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო, აქედან 3 მათგანში მათი როლი უდიდესი იყო.

ჩავისა და ინიესტას უამრავ საკლუბო ტიტულთან ერთად, სანაკრებო დონეზეც აქვთ მწვერვალი დაპყრობილი. ესპანეთის ნაკრებთან ერთად, 2010 წელს ისინი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგეს.

***

კრიშტიანო რონალდუ და მესუთ იოზილი (რეალი)

მადრიდის „რეალში“ რონალდუ 2009 წლის ზაფხულში გადავიდა.

პორტუგალიელ ფეხბურთელს მესუთ იოზილთან მოედანზე იდეალური ურთიერთობა ჰქონდა. გერმანელი გამთამაშებელი რონალდუს ზუსტი გადაცემებით მუდმივად ამარაგებდა.

მოედანზე მათი კავშირი მართლაც საოცარი იყო. ისინი ერთმანეთს გრძნობდნენ.

2013 წელს, როცა „რეალმა“ იოზილი „არსენალში“ გაუშვა, რონალდუმ კლუბის ამ გადაწყვეტილებას სულელური უწოდა და ეს საჯაროდ განაცხადა.

3 სეზონის განმავლობაში, როცა იოზილი და რონალდუ „რეალში“ მხარდამხარ თამაშობდნენ, გერმანელმა მას 27 საგოლე გადაცემა გაუკეთა.

2011/2012 წლების სეზონში, რონალდუ და იოზილი ესპანეთის ჩემპიონები გახდნენ.

 

***

რუუდ გულიტი და მარკო ვან ბასტენი (მილანი)

1987 წელს, სილვიო ბერლუსკონის „მილანმა“ ჰოლანდიური ტრიო გულიტი, ვან ბასტენი, რაიკაარდი შეიძინა.

როგორც მოგეხსენებათ, იმ დროს კლუბებს მხოლოდ 3 ლეგიონერის დამატების უფლება ჰქონდათ და „როსონერიმაც“ იდეალური არჩევანი გააკეთა - მათ პირდაპირ ათიანში მოარტყეს.

რუუდ გულიტისა და მარკო ვან ბასტენის შემტევი დუეტი, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მათი საოცრად დახვეწილი და ლამაზი სტილი ქომაგების აღტაცებას იწვევდა.

„მილანმა“ ბასტენი-გულიტის დუეტის დახმარებით სკუდეტოს მოგება სამჯერ მოახერხა, ხოლო ჩემპიონთა თასი (ლიგა) 1989 და 1990 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო.

***

ფრენკ ლამპარდი და დიდიე დროგბა (ჩელსი)

ლონდონის „ჩელსის“ შეძენის შემდეგ, რომან აბრამოვიჩის გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა ფრენკ ლამპარდისა და დიდიე დროგბას წყვილი იყო.

ინგლისელმა და კოტ დ’ივუარელმა ფეხბურთელებმა უდაოდ მრისხანე წყვილი შექმნეს.

„ჩელსი“ სწორედ ამ ორ მოთამაშესთან ასოცირდებოდა.

ლამპარდმა და დროგბამ მხარდამხარ 8 სეზონი ჩაატარეს და პრემიერლიგა 3-ჯერ მოიგეს. 2012 წელს კი სანუკვარ ჩემპიონთა ლიგის თასსაც დაეუფლნენ.

ლამპარდს დროგბასთვის 24 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

***

ფაბიო კანავარო და ალესანდრო ნესტა (იტალიის ნაკრები)

ნესტამ და კანავარომ, ფეხბურთის ისტორიაში დაცვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო დუეტი შექმნეს.

2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე მათი საოცარი თამაშის წყალობით, „სკუადრა აძურა“ ფინალამდე მივიდა.

2006 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი ნესტასთვის უიღბლოდ დაიწყო, მან ტრავმა მიიღო და ასპარეზი მარკო მატერაცის დაუთმო.

დაცვის ლიდერობის საკუთარ თავზე აღება კანავაროს მოუხდა, რომელმაც ყველაფერი იდეალურად გააკეთა.

ნესტასა და კანავაროს დუეტი ისტორიაში ერთ-ერთ (თუ საუკეთესო არა) საუკეთესო წყვილად რჩება. მათ წინააღმდეგ კარგად თამაში, მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ.

***

ალფრედო დისტეფანო და ფერენც პუშკაში (რეალი)

მიუხედავად იმისა, რომ პუშკაში და დი სტეფანო „რეალში“ გვერდიგვერდ მხოლოდ მაშინ აღმოჩნდნენ, როცა ორთავე მათგანი 30 წლის იყო, მათ ამის გამო ხელი არ შეშლიათ და არც გუნდს ჰქონია პრობლემები.

მათი დუეტი მეტოქე გუნდის დაცვისთვის ნამდვილი კოშმარი იყო.

დი სტეფანომ და პუშკაშმა „რეალში“ ერთად ასპარეზობისას ჩემპიონთა თასის (ლიგა) მოგება ორჯერ შეძლეს.

ლეგენდარული წყვილის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 1959-1960 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო, როდესაც „რეალმა“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ 7-3 სძლია. დი სტეფანომ ჰეთ-თრიკი გაიფორმა, ხოლო პუშკაშმა პოკერი.

***

მარსელო სალასი და ივან სამორანო (ჩილე)

დღეს, თანამედროვე ფეხბურთში ძირითად შემადგენლობაში ერთდროულად მოთამაშე ორ 9 ნომერს ვერ შეხვდებით, მაგრამ 90-ან წლებში ასეთი რამ გასაკვირი არ იყო, რადგან ჩილეს ეროვნულ ნაკრებში ორი უმაღლესი დონის ცენტრფორვარდი მარსელო სალასი და ივან სამორანო თამაშობდნენ.

სალასი-სამორანოს დუეტმა ეროვნულ ნაკრებში 71 გოლის გატანა შეძლო, თუმცა ვარსკვლავების ნაკლებობის გამო, მხოლოდ ორმა ტალანტმა ქვეყნისთვის სერიოზული წარმატების მოტანა ვერ შეძლო.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები