ოვრებო:
Aa
Aa

ოვრებო: "ეტოოსა და პიკეს მომენტები მახსოვს და იქ ხელით თამაში ნამდვილად იყო"

2 დღეის შემდეგ, "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალში კლასიკური დაპირისპირება გაიმართება - "ჩელსი" "ბარსელონას" უმასპინძლებს.

ყველას ძალიან კარგად ახსოვს ამ გუნდებს შორის გამართული მატჩი, რომელიც 2009 წლის 6 მაისს შედგა.

ტომ ჰენინგ ოვრებო - ნორვეგიელი არბიტრი, რომელმაც ერთი შეხვედრისთვის კატასტროფულად ბევრი შეცდომა დაუშვა.

ოვრებომ ლონდონელებს 3-4 რეალური პენალტიდან არცერთი არ დაუნიშნა, "ბარსას" კი ერიკ აბიდალი მხოლოდ იმიტომ გაუძევა, რომ ნიკოლა ანელკამ დრიბლინგის დროს ფეხი ფეხზე წამოიკრა და დაეცა, რაც საბოლოოდ "ბარსელონელს" დაბრალდა.

დღეს, ესპანურმა Marca-მ ოვრებოსთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და ზემოხსენებული ლეგენდარული დაპირისპირების გახსენება სთხოვა.

"იმით, რაც გავაკეთე ნამდვილად არ ვამაყობ. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი დღე იყო. ჩვენ, მსაჯები შეცდომებს ვუშვებთ და ეს ასეთი შემთხვევა იყო. ამისგან დაზღვეული არავინაა. მოთამაშეები და მწვრთნელებიც ცდებიან ხოლმე.

ერთმა კონკრეტულმა მომენტმა შეიძლება შენს კვალიფიკაციას დაღი ვერ დაასვას, თუმცა "ჩელსი" "ბარსელონას" მატჩით ნამდვილად არ ვამაყობ.

ჩემს მიერ განსჯილ შეხვედრებს ყოველთვის ვუყურებ და შემდეგ შეცდომებზე ვსწავლობ. მართალია ამჟამად მსაჯი აღარ ვარ, მაგრამ ხსენებული მატჩი მუდამ თან მსდევს. ეტაპობრივად, ჟურნალისტები ამ ფაქტს მახსენბენ ხოლმე. გულახდილად გეტყვით - ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, რომ ეს შეხვედრა და ჩემი გადაწყვეტილებები განსაჯონ და მათზე ისაუბრონ. ეს, ჩემი კარიერის ნაწილია.

არცერთი ეპიზოდის გამორჩევა არ მინდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოთამაშეები და მწვრთნელებიც ცდებიან, თუმცა მათ ასეთ დონეზე არასდროს განსჯიან. ჩემი კარიერით ვამაყობ და ვთვლი, რომ სამსაჯო ელიტაში ვიმყოფებოდი. ეს დიდებული დრო იყო. სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ უმრავლესობა შენს კარიერას არაფრად აგდებს და მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას.

დიახ, ეტოოსა და პიკეს მომენტები მახსოვს და იქ ხელით თამაში ნამდვილად იყო. ხალხს არ აინტერესებს, თუ რას ვფიქრობ მე ამ ეპიზოდებზე. მათ ის უფრო აინტერესებთ, თუ რა გადაწყვეტილება მივიღე და ისინი ამას არ ეთანხმებიან. დავა შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს.

ბალაკის ეპიზოდი და მისი ემოცია კარგად მახსოვს. რატომ არ გავაძევე? რატომ იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას? იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ უბრალოდ არ უნდა გამეძევებინა და ამით დასრულდა. შეიძლება ეს ზეწოლის გამო გავაკეთე, ან იმის გამო, რომ ფაქტიურად მთელი ეპიზოდის დროს ბალაკი ჩემს ზურგს უკან იმყოფებოდა და მთლიანი სურათი არ დამინახავს. თითოეულ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს.

მატჩის დასრულების შემდეგ, უამრავი განრისხებული ადამიანი გველოდებოდა და პირველ რიგში საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე უნდა გვეზრუნა. რამდენიმე სასტუმროს გამოცვლაც კი დაგვჭირდა, რომ უსაფრთხოდ ვყოფილიყავით.

რას ვფიქრობ "ბარსელონა" "პსჟ"-ს მატჩზე? შეხვედრა არ მინახავს, მაგრამ გავიგე, რომ შეცდომები იყო. გეტყვით იმას, რომ "ჩელსი" "ბარსელონას" მატჩზე შეცდომები დავუშვი და შესაძლოა ამან საბოლოო შედეგზე იმოქმედა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენ არბიტრები გადაწყვეტილებებს წამებში ვიღებთ. შემდეგ, როცა ტელევიზორში გამეორებებს ვუყურებთ, ვნახულობთ, რომ თურმე შეცდომა დაგვიშვია, ვიღაც არასწორად გავაძევეთ, ან ვიღაცას პენალტი შეცდომით დავუნიშნეთ. მოედანზე ყევლაფერი წამებში ხდება. ასეთია რეალობა.

რა თქმა უნდა, ვიდეო რეფერის ყოფნის შემთხვევაში ასეთი შეცდომები არ იქნებოდა, ამაში გეთანხმებით. ამ ტექნოლოგიას მხარს ვუჭერ. დღეს, მსაჯები გაცილებით დაცულები არიან, ვიდრე ეს აქამდე იყო.

ამ შეხვედრის შემდეგ, კარიერა განვაგრძე, თუმცა ერთ-ერთი მატჩის დროს თამაშგარე არასწორად დავაფიქსირე და ზეწოლა ისევ დაიწყო. 44-45 წლის ვიყავი და საერთაშორისო შეხვედრებს უკვე ვეღარ განვსჯიდი. ამის შემდეგ კარიერა მხოლოდ ნორვეგიაში გავაგრძელე. საბოლოოდ ტრავმა მივიღე და ამ ფაქტმა პენსიაზე გასვლა გადამაწყვეტინა.

არა, "ჩელსი" "ბარსელონას" მატჩის შემდეგ კარიერის დასრულება არ გადამიწყვეტია, ჩვეულებრივ ჩემს საქმიანობას განვაგრძობდი, თუმცა ბევრის პატივისცემა დავკარგე".

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები