მატჩის წინ - პორტუ VS ლივერპული
Aa
Aa

მატჩის წინ - პორტუ VS ლივერპული

„პორტუმ“ და „ლივერპულმა“ აქამდე 4 ურთიერთშეხვედრა გამართეს, რომელთაგანაც 2 „ლივერმა“ მოიგო, ხოლო 2 ფრედ დასრულდა.

იურგენ კლოპის გუნდი წყვილის ფავორიტია, თუმცა "პორტუ" ძალიან კარგ სეზონს ატარებს და ყველასთვის უხერხული მოწინააღმდეგეა.

თანაც „დრაგაოზე“ თამაში ყოველთვის რთულია და მიმდინარე სეზონში „დრაკონებმა“ ამ სტადიონზე მხოლოდ 1 მატჩი წააგეს - „ბეშიქთაშთან“ 1:3.

გუნდების ახალი ამბები

* „პორტუ“ შიდა ჩემპიონატში ლიდერია და უახლოეს მდევრებს - „ბენფიკასა“ და „სპორტინგს“ 2-2 ქულით უსწრებს.

* „დრაკონებმა“ გასულ უქმეებზე სტუმრად „შავეშთან“ ითამაშეს და 4:0 გაიმარჯვეს. დუბლი ფრანსისკო სოარეშმა (იგივე ტიკინიო) შეასრულა, ხოლო თითო ბურთი მუსა მარეგამ და სერჟიო ოლივეირამ შეაგდეს.

* მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული ცენტრალური მცველი ფელიპე და ტრავმირებული საყრდენი დანილო პერეირა დააკლდებათ. საეჭვოა ვენსან აბუბაკარის მოედანზე გამოსვლაც.

* „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის მატჩი „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ გასვლაზე ჩაატარა და ფირმინოსა და სალაჰის გოლებით იმარჯვა.

* სტუმრებს დისკვალიფიცირებული ემრე ჯანი და ტრავმირებული ნათანილ კლაინი არ ეყოლებათ. მცირე დაზიანებები აქვთ გომესსა და კლავანს.

მწვრთნელების პრესკონფერენცია

სერჟიო კონსეისაო (პორტუ): „მატჩისთვის კარგად ვემზადებით და თავს ძლიერად ვგრძნობთ. ვიცი, რომ ფეხბურთელები კარგ განწყობაზე არიან და გამარჯვების მიღწევა სურთ.

ფანებიც ისეთივე ფანტასტიურები იქნებიან, როგორიც ყოველთვის არიან. მხურვალე მხარდაჭერა გვექნება და ისინი საზეიმო საფეხბურთო ატმოსფეროს შექმნიან. იმედი მაქვს, დღევანდელი თამაში ორივე გუნდის ფანების მიერ შექმნილი სპექტაკლი იქნება.

ვიცით, რომ დიდი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ, თუმცა კვირიდან კვირამდე ვხედავ, რომ „პორტუს“ უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. ორი ისტორიული გუნდის დაპირისპირებაა, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლიათ.

„ლივერპულს“ პრემიერ ლიგის მასშტაბით,“სიტის“ შემდეგ საუკეთესო შეტევა ჰყავს. ამასთანავე, გუნდი ძალიან სტაბილური და დაბალანსებულია. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყველა გუნდს, სისუსტეებიც აქვს და ვეცდებით, ისინი გამოვიყენოთ.

ჩვენ გვაქვს სტრატეგია და გეგმა, რომლის მეშვეობითაც საკუთარი მენტალიტეტის, სათამაშო სტილისა და იდენტურობის გამოვლენას შევეცდებით“.

იურგენ კლოპი (ლივერპული): „მე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, რაც ნიშნავს, რომ მომწონს პორტუგალია, რომელიც დიდი საფეხბურთო ერია. აქ ეს სპორტი ძალიან უყვართ. პორტუგალია პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას გლობალურად ცნობილი კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელები ჰყავს. შიდა ჩემპიონატშიც არაერთი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

სისტემა თამაშს ვერასდროს იგებს - მთავარია, ფეხბურთელები კონკრეტულ მომენტში როგორ ითამაშებენ და დატოვებენ თუ არა გულს მოედანზე. სისტემა მხოლოდ თამაშის ნაწილია.

„პორტუს“პატივს ვცემ. ვიცი, რომ იგი საფეხბურთო ნაზავია - ბრძოლა, გამოცდილება და ახალგაზრდულობა. მე ეს მომწონს.

ცუდები არც ჩვენ ვართ და ესეც ძალიან კარგად ვიცით და გვინდა, რომ ეს ვაჩვენოთ. საერთო ჯამში, ძალიან რთული დაპირისპირება იქნება.

გასულ ზაფხულს ვოცნებობდით, რომ ამ დროს აქ ვყოფილიყავით და ამას მივაღწიეთ. ეს 1/8 ფინალია და აქ 16 ძლიერი გუნდია.

როცა ვამბობთ, რომ გუნდებს შეიძლება „ლივერპულის“ ეშინოდეთ. მეორე მხრივ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ „პორტუს“ წინააღმდეგ თამაშიც არავის უნდა. მას ფრთხილად და წინდახედულად უნდა მივუდგეთ, რადგან ფიზიკურად ძლიერი, კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ყოველთვის საკუთარი გეგმა აქვს“.

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით

პორტუ (4-3-3): ჟოზე სა - მაქსი პერეირა, რეიესი, მარკანო, ალექს ტელეში - რიკარდო, ერერა, სერჟიო ოლივეირა - მარეგა, ბრაჰიმი, ფრანსისკო სოარეში.

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - არნოლდი, ლოვრენი, ვან დიიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ვაინალდუმი, ჩემბერლენი - სალაჰი, მანე, ფირმინო.

მსაჯი და მომდევნო მატჩი

მატჩის მთავარი არბიტრი იტალიელი დანიელე ორსატო იქნება, ხოლო გუნდები განმეორებით დაპირისპირებას 6 მარტს „ენფილდზე“ ითამაშებენ.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები