მატჩის წინ - იუვენტუსი VS ტოტენჰემი
Aa
Aa

მატჩის წინ - იუვენტუსი VS ტოტენჰემი

„უეფას“ საკლუბო ტურნირების მასშტაბით ეს გუნდები ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან.

მასიმილიანო ალეგრის კოლექტივს საშინაო არენაზე ევროტურნირების ეგიდით 26 თამაშია არ წაუგია.

თანაც „ბებერი ქალბატონი“ ბოლო დროს ძალიან დამაჯერებელია და გოლსაც იშვიათად უშვებს. უკანასკნელი 16 ოფიციალური მატჩიდან გუნდმა 15-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. გამონაკლისი „ვერონასთან“ შეხვედრა იყო, რომელიც ტურინელებმა 3:1 მოიგეს.

კარგ ფორმაშია „ტოტენჰემიც“, რომელმაც უქმეებზე დიდი ლონდონური დერბი მოიგო და ფორმასთან ერთად კარგ განწყობაზეა.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 16 დეკემბრის შემდეგ დაუმარცხებელია და „ალიანც სთედიუმზე“ მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

გუნდების ახალი ამბები

* „იუვემ“ სერია A-ს მატჩი პარასკევს ჩაატარა და სტუმრად „ფიორენტინას“ უმძიმესი თამაში მოუგო - გოლები ბერნარდესკიმ და იგუაინმა შეაგდეს.

* იტალიელები დღევანდელი თამაშისათვის ლიხტშტაინერს, ბარძალის, დიბალას, მატუიდისა და კუადრადოს მოისაკლისებენ.

* "ტოტემ" უქმეებზე „არსენალს“ აჯობა - გამარჯვების გოლი ჰარი კეინმა გაიტანა.

* ინგლისელები შეხვედრას თავიანთი ცენტრალური მცველის ტობი ალდერვაირელდის გარეშე ხვდებიან.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): „მომეწონა როგორც მარკიზიო „ფიორენტინას“ წინააღმდეგ თამაშობდა. ვნახე ბენტანკურიც, რომელმაც ის შეცვალა.

მეორე მხრივ, სტურაროა ის ფეხბურთელი, რომელიც მატუიდის, როგორც ნახევარმცველს, ყველაზე მეტად ჰგავს. თამაშის დაწყებამდე გადავწყვეტ ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში.

ერთი რამ ზუსტად ვიცი - ტექნიკურად ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან ფიზიკურ ორთაბრძოლებში „ტოტენჰემი“ გვაჯობებს.

ყურადღებით თამაში და ბალანსის შენარჩუნება გვჭირდება. რთულია ორი ასეთი გუნდის თამაშში, რომელიმე მათგანი მოედანზე დომინანტი იყოს. ზოგადად, განსხვავებულობას მცირე დეტალები განაპირობებს.

ტვინითა და ტექნიკურად უნდა ვითამაშოთ და ვცადოთ, გოლი არ გავუშვათ, თუმცა ისე არ გამიგოთ, თითქოს თამაშის დაწყებამდე 0:0-ს შევეგუებით.

ჩვენ ვიცით მათი სიძლიერე. ამასთანავე ვიცით, სისუსტეები და სად შეიძლება მივაყენოთ დარტყმა“.

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): „საკუთარი პრინციპების შეცვლა არ შეგვიძლია. აგრესიულები, მამაცები და მეტოქისადმი პატივისცემით განწყობილნი უნდა ვიყოთ.

ჩვენ მოვიგეთ ჯგუფური ეტაპი და სანაცვლოდ ამ სტადიაზე გამოვედით. ახლა დროა ვაჩვენოთ, რომ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლას ვიმსახურებთ - უნდა ვითამაშოთ კარგად, გავიტანოთ გოლები და გადავლახოთ ის სირთულეები, რაც ასეთი დონის თამაშებსა და ეტაპებზეა.

ბოლო მატჩებიდან რამდენიმე ფანტასტიურად ვითამაშეთ და რა თქმა უნდა, ამ დონის ჩვენება დღევანდელ შეხვედრაშიც შეგვიძლია“.

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - დე შილიო, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი, სტურარო - დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი, იგუაინი.

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, სანჩესი, ვერტონგენი, დეივისი - დაიერი, დემბელე - სონი, ერიქსენი, დელე ალი - კეინი.

მატჩის მთავარი არბიტრი გერმანელი ფელიქს ბრიხი იქნება.

გუნდები საპასუხო მატჩს 7 მარტს "უემბლიზე" ითამაშებენ.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები