მატჩის წინ - ბაზელი VS სიტი
Aa
Aa

მატჩის წინ - ბაზელი VS სიტი

შვეიცარიულ გუნდს „ჩემპიონთა ლიგის“ 1/4 ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია და ამის გაკეთება „ბაზელს“ ახლაც ძალიან გაუჭირდება.

პეპ გუარდიოლას „სიტი“ შესანიშნავ ფორმაშია და ბევრი ელის, რომ მეტოქეს ორივე თამაშს ძალიან მარტივად მოუგებს.

მანჩესტერელებმა მიმდინარე სეზონში 40 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგანაც 33 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 2 წააგეს.

გუნდების ახალი ამბები

* „ბაზელმა“ გასულ უქმეებზე შვეიცარიის ჩემპიონატში სტუმრად „თუნს“ ობერლინისა და ბუას გოლებით 2:0 მოუგო, თუმცა ლიდერ „იანგ ბოიზს“ კვლავაც 5 ქულით ჩამორჩება და ცხრილში მე-2 ადგილზეა.

* მასპინძლებს თავიანთი ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი ლუკა ძუფი არ ეყოლებათ. ასევე არ იქნება სათადარიგო მეკარე ჟერმანო ვაილატიც.

* „სიტიმ“ პრემიერ ლიგის ეგიდით „ლესტერთან“ წაივარჯიშა და მეტოქე 5:1 დაამარცხა. ერთი გოლი რაჰიმ სტერლინგმა შეაგდო, ხოლო სერხიო აგუერომ პოკერი შეასრულა.

* სტუმრებს გაბრიელ ჟესუში, ლეროი სანე, ფაბიან დელფი და ბენჟამინ მენდი ვერ დაეხმარებათ. საეჭვოა დავიდ სილვას მოედანზე გასვლაც.

მწვრთნელების პრესკონფერენცია

რაფაელ ვიკი (ბაზელი): „არ მგონია, რომ „სიტიმ“ დღეს რაიმე სიურპრიზი შემოგვთავაზოს. ყველამ კარგად იცის, როგორ თამაშობენ და ამჯერადაც ბურთის ფლობაზე გააკეთებენ აქცენტს. გარდა ამისა, საოცრად სწრაფი გადასვლები და გათამაშებები აქვთ.

რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ ბურთი ნაკლებად გვექნება. შეცდომების გარეშე უნდა ვითამაშოთ, კომპაქტურად ვიმოქმედოთ და თამაშის თითოეული წამი გავაკონტროლოთ.

ერთის თქმა შეიძლება, რომ თუკი უდიდესი სენსაციის მოხდენა გვსურს, იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ.

მათ განსაკუთრებული სისუსტეები არ აქვთ და თამაშის შეცვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ“.

ხოსეპ გუარდიოლა (სიტი): „ჩემპიონთა ლიგის“ მატჩებში ისინი 5 მცველით თამაშობენ და ჯგუფურ ეტაპზე მშვენიერი გამოსვლა ჰქონდათ. ძლიერები არიან, თავს ორგანიზებულად იცავენ და კარგად გადადიან კონტრშეტევაში.

ჩემს ფეხბურთელებს უკვე ვუთხარი, რომ რთული თამაში ელით, განსაკუთრებით ამ სტადიონზე. თუმცა ჩვენ თავდაჯერებულები ვართ და ვფიქრობთ, კარგად თამაში აქაც შეგვიძლია.

2008 წელს „ბაზელთან“ დაპირისპირება ჩემთვის შესანიშნავი მოგონებაა. მაშინ „ჩემპიონთა ლიგაზე“ ჩემი პირველი სამწვრთნელო სეზონი იყო, ჩემი პირველი წელი „ბარსელონაში“. ბედნიერი ვარ, რომ აქ კიდევ ერთხელ მოვხვდი.

სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, მზად ვართ თუ არა „ჩემპიონთა ლიგის“ მოსაგებად, თუმცა მე მჯერა ამ ბიჭების და ჩვენი მიზანია, გასულ სეზონზე უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. შესაბამისად, უშუალოდ ეს ეტაპი უნდა დავძლიოთ და 1/4 ფინალში გავიდეთ“.

გუარდიოლამ რამდენიმე კითხვას გერმანულად უპასუხა, რომელიც „ბაიერნში“ მუშაობისას შეისწავლა.

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით

ბაზელი (3-4-3): ვაცლიკი - ლაკრუა, სუხი, ბალანტა - ლანგი, ფრეი, ჯაკა, პეტრეტა - ელიუნუსი, ობერლინი, ვან ვოლფსვინკელი.

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, ოტამენდი, ლაპორტი, ზინჩენკო - ფერნანდინიო, დავიდ სილვა, დე ბრუინი - ბერნარდო სილვა, სტერლინგი, აგუერო.

შეხვედრის მთავარი არბიტრი შვედი იონას ერიქსონი იქნება.

გუნდები საპასუხო მატჩს 7 მარტს ითამაშებენ.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები