გატუზო:
Aa
Aa

გატუზო: "მილანი" ბრედ პიტი არაა"

იტალიური "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა - ჯენარო გატუზომ, "უდინეზესთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"როსონერის" თავკაცის თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ გუნდში ბევრი პრობლემაა და მათ რეალურად შეფასება და გადაჭრა სჭირდება.

"არ უნდა დავივიწყოთ ის, რასაც რამდენიმე კვირის წინ ჩვენზე ამბობდნენ, სხვა შემთხვევაში რეგრესი არ აგვცდება.

ამჟამინდელი "მილანი" ბრედ პიტი არაა - პრობლემებს თვალებში უნდა ჩავხედოთ და გავაანალიზოთ, რომ გუნდის გარშემო არსებული რეალობა ისეთივე მახინჯი და უშნოა, როგორიც მე და ჩემი წვერი.

"ჩემპიონთა ლიგის" საგზურზე ვსაუბრობთ, თუმცა ამ ეტაპზე "ევროპა ლიგის" ზონაშიც არ ვართ".

მილანურ გრანდს ამჟამად შიდა ჩემპიონატში 3 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა. ლომბარდიელებმა წარმატებას "კროტონესთან", "კალიარისთან" და "ლაციოსთან" მატჩებისას მიაღწიეს.

სერია A-ს 23-ე ტურის ეგიდით, "მილანი" სტუმრად "უდინეზეს" კვირას 18 საათზე დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, უდინელთა თავკაცი, "მილანის" ყოფილი მარჯვენა მცველი და გატუზოს ექს-თანაგუნდელი მასიმო ოდოა.

შეგახსენებთ, რომ "შავ-წითლები" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 34 ქულით, მე-7 ადგილზე არიან და "ჩემპიონთა ლიგის" ზონას 10 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები