ბალოტელი „მილანში“ ბრუნდება
Aa
Aa

ბალოტელი „მილანში“ ბრუნდება

„ლივერპულის“ საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი. მარიო ბალოტელი შესაძლოა „მილანში“ იჯარის წესით დაბრუნდეს. 22 აგვისტოს ფეხბურთელი იტალიაში ჩაფრინდა, სადაც „როსონერის“ თავკაცს, სინიშა მიხაილოვიჩს და მის ასისტენტს შეხვდა. ამის შემდეგ კი, ბალოტელის ტრანსფერს მწვანე შუქი „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმაც აუნთო.

ახლა მოლაპარაკებები კლუბებს შორის მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, „მერსისაიდელები“ მზად არიან ბალოტელი იჯარის წესით გაუშვან, თუმცა ადრიანო გალიანის განცხადებით, მხარეები ჯერ-ჯერობით ფეხბურთელის ანაზრაურებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან.

„ნამდვილად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „ლივერპულთან“, თუმცა ჯერ ვერ შევთანხმდით ბალოტელის ანაზღაურებაზე. გვინდა მოთამაშის იჯარით აყვანა და ხელფასის გაყოფა, რომლის ნახევარსაც გადაიხდის ინგლისური კლუბი. მარიოს გადაბირება მხოლოდ ერთი მიზეზით გვინდა, დარწმუნებულნი ვართ, მას ესმის, რომ „მილანი“ მისი ბოლო შანსია. იმედია, ბალოტელის ეს მართლაც ესმის“ – განაცხადა ადრიანო გალიანიმ.

მარიო ბალოტელისთვის „მილანი“ ნაცნობი გუნდია. თავდამსხმელი იტალიურ გრანდში 2013 წლის იანვარში მივიდა და სეზონ-ნახევარში ჩატარებულ 54 მატჩში 30 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები