გატუზო თუ მონტელა - რომელია უკეთესი დღევანდელი
Aa
Aa

გატუზო თუ მონტელა - რომელია უკეთესი დღევანდელი "მილანისთვის"?

„მილანში“ ბევრი პრობლემაა, რაც პირველ რიგში ხელმძღვანელობას უკავშირდება. იტალიური პრესა ვარაუდობდა, რომ თავის დროზე ლი იონჰონმა „როსონერი“ პარტნიორების კაპიტალის დახმარებით შეიძინა, რადგან თვითონ საამისო რესურსი არ გააჩნდა.

ეს ყველაფერი თანდათან სიმართლეს ემსგავსება, მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ სილვიო ბერლუსკონიმ „როსონერიში“ არსებულ ფინანსურ პრობლემებზე მიანიშნა.

დონ სილვიოს, პაოლო სკარონის სახით, „მილანის“ დირექტორთა საბჭოში „თავისი კაცი“ ჰყავს, რომლის მეშვეობითაც კლუბის შიდა სამზარეულოზე ყველაფერი მნიშვნელოვანი იცის. სკარონი და ბერლუსკონი არაერთ საქმეში პარტნიორები არიან და წლებია ერთად მოდიან.

ბერლუსკონის თქმით, „შავ-წითელთა“ ჩინელმა ხელმძღვანელებმა, მისი რჩევები არ გაითვალისწინეს და გუნდი არასწორი გზით მიჰყავთ. მილანელთა ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაციის გამო, გუნდის თამაშების ყურების სურვილი არ აქვს და ამას აღარ აკეთებს.

აშკარაა, რომ არასტაბილურობის განცდა ფეხბურთელებზეც მოქმედებს. პირველი წრის მატჩებში იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მოთამაშეები მოედანზე ცუდ ხასიათზე გამოდიოდნენ, არანაირი პოზიტივი მათ თამაშსა და ქმედებებში არ იგრძნობოდა. შესაბამისად, გუნდში სათანადოდ არც ტაქტიკა მუშაობდა და არც სათამაშო დისციპლინა - ყველა თავის საქმეს თავისთვის აკეთებდა...

უმარტივესი სათქმელია, რომ როცა ფეხბურთელები ერთმანეთისთვის და ერთმანეთის შეცდომების გამოსწორებისთვის არ თამაშობენ, კარგი არაფერი გამოვა და ასეთ დროს პოტენციალის თუნდაც ნახევრად გამოვლენა ურთულესი ამბავია...

ეს რომ ასე იყო, მოთამაშეების ბრალი ნამდვილად არაა. არსებული ფონი მათზე იმ შემთხვევაში არ აისახებოდა, თუკი მწვრთნელები და გულშემატკივრები მათ დაანახებდნენ, რომ „მილანის“ ფორმა ეცვათ - დიადი ისტორიის გუნდისა... თუკი ეცოდინებოდათ, რომ ფეხბურთის მემატიანე „სან სიროზე“ თამაშობდნენ, სადაც 80-იანების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში, ყველა შიშით და ამავდროულად, ტყუილად ჩადიოდა.

მივედით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტამდე - რატომაა დღევანდელი „მილანისთვის“ უკეთესი გატუზო ვიდრე მონტელა.

სულით ხორცამდე „როსონერო“ ჯენარო გატუზომ გუნდში არსებული პრობლემები რომც არ იცოდეს, მთელი არსებით გრძნობს... იცის რას ნიშნავს ლომბარდიული გაერთიანებული ფერები - შავი და წითელი...

არსებულ სიტუაციაში „რინომ“ შეძლო, რომ თავისი ბიჭები მხოლოდ ფეხბურთზე მოექოქა, იმაზე თუ რა სჭირდება დღეს „მილანს“, რა უნდა გაკეთდეს მისთვის. დააფიქრა იმაზეც, რომ თითოეულ ადამიანს ვინც აქ მუშაობს და თამაშობს, მისთვის კონკრეტულის გაღება მართებს.

მონტელამ რომ ეს ვერ მოახერხა, დანაშაული არაა. საამისოდ 2 მიზეზია - ადამიანური ბუნება და „არაროსონერობა“. ადამიანური ბუნება იმიტომ, რომ მსგავს სიტუაციაში მუშაობა ყველას არ შეუძლია და ამაზე საყვედური ისეთივე უაზრობაა, როგორც როკის მოყვარული Pink Floyd-ს არ სცემდეს პატივს...

რაც შეეხება „არაროსონერობას“, აქაც მარტივი პასუხია - ცალსახაა, რომ ასეთი პრობლემების ფონზე, გუნდში შინაური კაცია საჭირო, რომლისთვისაც „მილანი“ მხოლოდ სამსახური და კარიერის ასაწყობი პლაცდარმი არ იქნება.

მონტელა საკმაოდ კარგი და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული იტალიელი სპეციალისტია. მას ძალიან კარგი „ფიორენტინა“ ჰყავდა, რამაც მისი ტაქტიკოსობა და სამწვრთნელო ალღო ნათლად დაგვანახა. გავიხსენოთ ისიც, რომ 2011 წლის შემდეგ, „მილანმა“ პირველი ტიტული სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო, როცა სუპერ თასზე, მასზე ძლიერ „იუვენტუსს“ პენალტებით აჯობა და ხასიათი აჩვენა.

ამ ეტაპზე, ასევე არასწორია მონტელას და გატუზოს ტაქტიკური კუთხით შედარებაც. უბრალოდ, ჯენაროს სხვა პლიუსები აქვს, რაც დღესდღეობით „მილანს“ უფრო მეტად სჭირდება.

გატუზო ცოტა უცნაური კაცია, მას ფეხბურთელების მოტივირებისა და მათთან დაახლოების თავისებური მეთოდები აქვს. მაგალითად, „ლაციოსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, შეგირდები შემოიკრიბა, შუაში ჩადგა და მათ საშუალება მისცა, მწვრთნელს ხელით შეხებოდნენ და მისთვის დაერტყათ.

დამეთანხმებით, დიდი ვერაფერი კრეატივია, მაგრამ საინტერესოა როგორ განმარტა ეს ეპიზოდი თავად 40 წლის სპეციალისტმა: „მინდა ფეხბურთელებს სიხარული მივანიჭო და მათ ვაგრძნობინო, როგორი ახლობლები არიან ჩემთვის. განსაკუთრებით მათ, ვისაც ხშირად სათადარიგოთა სკამზე ვტოვებ და ჩემზე ნაწყენი არიან“.

შესაძლოა, „რინოს“ სეზონი „მილანთან“ ერთად რომ დაეწყო, გუნდი ახლა „ჩემპიონთა ლიგის“ ზონასთან უფრო ახლოს ყოფილიყო, მაგრამ სადღეისო მდგომარეობით, მხოლოდ ჟინითა და გუნდურობით, „როსონერი“ მე-4 ადგილოსანთან არსებულ 10 ქულიან სხვაობას ვერ დაქაჩავს.

გატუზოს ტაქტიკას აქვს შესამჩნევი ხარვეზები და ზოგადად, მას შემდგარ მწვრთნელს ჯერჯერობით ვერ ვუწოდებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ დღევანდელ „მილანს“ შემდგარზე მეტად, გატუზოსნაირი მწვრთნელი გამოადგება - აქ დღეს მხოლოდ ერთეულებს თუ გამოუვათ გუნდის შეკვრა.

თუკი რეალობას პირდაპირ შევხედავთ და ჩავუღრმავდებით, „შავ-წითლებისთვის“ წლევანდელ სერია A-ს მეშვეობით „ევროპა ლიგის“ საგზურის მოპოვება, კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს. თანაც, ამ კუთხითაც უდიდესი კონკურენციაა. მთავარი შანსი, რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონის "ევროპა ლიგაა", რომლის მოგებაც "ჩემპიონთა ლიგის" საგზურს იძლევა...

უფრო მეტისთვის, ხელმძღვანელობის მხრიდან კარგი ამინდის შექმნა, სტაბილურობა და შემადგენლობის გაძლიერებაა საჭირო. მარკო ფასონე და მასიმილიანო მირაბელი ჭკვიანი დუეტია და დღევანდელი „ნაპოლის“ კარგი თამაში, გარკვეულწილად მათი ნაყოფიერი მუშაობის დამსახურებაცაა.

მათ ხელშეწყობა უნდათ და „მილანიც“ სწორ გზაზე შედგება. დაბრუნდება ისეთი, როგორიც იტალიური ფეხბურთისთვისაა უკეთესი...

და კიდევ იცით როგორი?..

რამდენიმე კვირის წინ „როსონერის“ საშინაო მატჩზე დასწრებისას, ჩემი ყურადღება ბაბუა-შვილიშვილის საფეხბურთო კულტურამ მიიქცია. „სან სიროს“ ტრიბუნებზე თვალში მოგხვდებოდათ მასპინძელთა ასაკოვანი ტიფოზები, რომლებიც გვერდით მჯდომ შვილიშვილებს თამაშზე ესაუბრებოდნენ და „მილანით“ „წამლავდნენ“.

ბაბუებს თვალში კალინიჩის სახით, მარკო ვან ბასტენის, დანიელე მასაროსა და ანდრეი შევჩენკოს აჩრდილი ეჩხირებოდათ...

...აი ისეთი, როცა ბაბუები სახლში მშვიდად დარჩებიან, რადგან დარწმუნებული იქნებიან, რომ მათ ტრიბუნაზე მყოფ შვილიშვილებს აჩრდილები არ შეაშინებთ...

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები