პრობლემები
Aa
Aa

პრობლემები "დორტმუნდში": ობამეიანგი ვარჯიშზე არ მივიდა - ქომაგები გუნდს აუმხედრდნენ

პიერ ემერიკ ობამეიანგი ლონდონის "არსენალში" გადასვლასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

გერმანული ruhrnachrichten-ის ინფორმაციით, გაბონელი ფეხბურთელი "დორტმუნდის" ბოლო ვარჯიშზე აღარ გამოცხადდა.

წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელს კლუბთან კონტაქტი აღარ აქვს. "ობა" არც მთავარ მწვრთნელ პეტერ შტიოგერსა და აღმასრულებელ დირექტორ ჰანს იოაჰიმ ვაცკეს ეკონტაქტება.

როგორც ჩანს, ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება, თუმცა იქამდე "დორტმუნდის" თავკამა ობამეიანგს ბუნდესლიგის უახლოეს ტურში "ფრაიბურგის" წინააღმდეგ თამაში სთხოვა, რაზეც ფეხბურთელისგან უარი მიიღო.

თავის მხრივ, "არსენალი" გერმანელებს საბოლოო წინადადებას უმზადებს, რომელიც წინა შეთავაზებულ 55 მილიონ ევროზე მეტი იქნება.

ობამეიანგის ქმედება ძალიან ჰგავს უსმან დემბელეს ტრანსფერს ზაფხულში, რომელმაც "ბარსელონას" დაინტერესების შემდეგ "დორტმუნდთან" კონტაქტი საერთოდ გაწყვიტა და ვარჯიშებზე უარს აცხადებდა. ბოლოს კი სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობდა.

დაახლოებით იგივეს აკეთებს უკვე ობამეიანგიც, რაც უდაოდ დამაფიქრებელია... ეს ყველაფერი კლუბში არსებულ არაჯანსაღ გარემოზე მიუთითებს.

სიტუაცია დაძაბულია კლუბსა და ქომაგებს შორისაც, რომელიც ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, როცა გუნდის ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასი გააძვირა. სხვათაშორის, იგივე პრობლემა მიუნხენის "ბაიერნსაც" ჰქონდა.

"დორტმუნდის" ერთგული ქომაგები გუნდის სატრანსფერო პოლიტიკითაც უკმაყოფილოები არიან. მათ არ მოსწონთ, რომ ყოველი სეზონის შემდეგ, "სიგნალ იდუნა პარკს" ერთი ლიდერი ტოვებს.

ბოლო წლებში, "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად გამოდის, თუმცა გაისად არის საფრთხე, რომ ისინი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მიღმა დარჩნენ.

ასეთი ვითარება, რაც უფრო დიდ ხანს გასტანს, მით უფრო გაიზრდება იმის შანსი, რომ კლუბის ხელმძღვანელები მალე თანამდებობას დატოვებენ.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები