ვინ არის მსოფლიოს ყოფილი მე-10 ჩოგნის ქართველი მეუღლე?..
Aa
Aa

ვინ არის მსოფლიოს ყოფილი მე-10 ჩოგნის ქართველი მეუღლე?..

საჩოგბურთო სამყაროში ერნესტს გულბისი სახელი, უდიდეს ნიჭსა და პერსპექტივას უკავშირდება, თუმცა ლატვიელის კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც ვარაუდობდნენ.

ეს პირველ რიგში მისი ხასიათის ბრალია, რადგანაც გულბისს უყვარს გართობა, კაზინოში თამაში, დალევა, რაც სპორტსმენის ცხოვრების თანმდევი, წესით, არ უნდა იყოს.

ბალტიისპირელის ყველაზე დიდი საჩოგბურთო მიღწევა, 2014 წლის "როლან გაროსზე" 1/2 ფინალში გასვლაა, როცა მან ტურნირის მიმდინარეობისას, სხვა მეტოქეებთან ერთად, როჯერ ფედერერსა და ტომაშ ბერდიხს მოუგო, ხოლო თავად ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.

ამ ყველაფერში, წმინდა სპორტული წარმატების გარდა, აღსანიშნავი ისაა, რომ პრესაში გავრცელებული ცნობებით, "როლან გაროსზე" გამომუშავებული მთელი თანხა, გულბისმა იმავე ღამეს კაზინოში წააგო.

საერთო ჯამში, გულბისს ATP-ს 6 ტიტული აქვს მოგებული, კარიერული პიკი კი 2014-ში ჰქონდა, როცა მსოფლიო რეიტინგში მე-10 პოზიციამდე აღზევდა.

მას შემდეგ, უნიჭიერესი ლატვიელის კარიერაში დაღმასვლაა, თუმცა მეორე მხრივ, საინტერესო ამბებია პირად ცხოვრებაში. 

ზოგადად, ქალბატონებისგან გულბისს ყურადღება არასდროს აკლდა, გარდა გარეგნობისა, ის საკმაოდ მრავალფეროვანი და ნიჭიერი ადამიანია - ძალიან უყვარს კითხვა (სახელი ერნესტ ჰემინგუეის პატივსაცემად დაარქვეს) და საუბრობს ლატვიურ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

2016 წლის გაზაფხულიდან, ლატვიელი ჩოგბურთელი, ქართული წარმოშობის მოდელსა და დიზაინერ თამარ კოპალეიშვილს ხვდებოდა - წყვილმა გასული წლის მაისში ურთიერთობა გაასერიოზულა და დაქორწინდა.

ქორწინების შემდეგ, თამარმა გვარი შეიცვალა და ტამარა გულბისი გახდა.

კოპალეიშვილი, რომელსაც რუსეთში ტამარა კოპალას სახელით იცნობენ, მოსკოვში 1988 წელს დაიბადა და საწყისი განათლებაც იქვე მიიღო, 2009 წელს კი გარკვეული პერიოდი ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

ამერიკიდან მან ფლორენციაში გადაინაცვლა, სადაც სწავლა ამ ქალაქის ერთ-ერთ საიუველირო სკოლაში გააგრძელა. 

კოპალეიშვილი ბოლო წლებში რიგაში მოღვაწეობს და ერთ-ერთ იქაურ ჟურნალს ხელმძღვანელობს.

დავამატოთ ისიც, რომ კოპალეიშვილი და გულბისი გასულ წელს საქართველოში იმყოფებოდნენ.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები