20 იანვრის „სატრანსფერო ზონა“
Aa
Aa

20 იანვრის „სატრანსფერო ზონა“

ზამთრის „სატრანსფერო ზონა“ CrystalSport-სგან.

 

***

მადრიდის "რეალის" უელსელი შემტევის გარეთ ბეილისთვის ბრძოლაში "ლივერპულიც" ჩაერთო.

Don Balon-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, ბეილის გადაბირება უკვე "მერსისაიდელებსაც" სურთ და ისინი მზად არიან 100 მილიონ ევროსაც შეელიონ.

როგორც ცნობილია, ფლორენტინო პერესი უელსელის სანაცვლოდ სწორედ ამდენს ითხოვს.

"რეალმა" ბეილის გაყიდვა უკვე გადაწყვიტა და ისინი ამას არც მალავენ.

თავად ბეილს, პრემიერლიგაში დაბრუნება უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ბრიტანული პრესა ასევე წერს, რომ ფეხბურთელის დასაბრუნებლად შესაძლოა "ტოტენჰემმაც" იბრძოლოს.

***

Bild-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მიუნხენის "ბაიერნმა" ლეონ გორეცკა გაიფორმა, არტურო ვიდალის გუნდიდან წასვლა გარდაუვალია.

წყაროს ცნობით, ლონდონის "ჩელსი" ზაფხულში ვიდალს შეიძენს და ამის გარანტი ანტონიო კონტე იქნება, რომელიც ჩილელ ფეხბურთელთან ერთად "იუვენტუსში" მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ვიდალის შეძენა მილანის "ინტერსაც" სურდა, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებებიც ჩაიშალა.

30 წლის არტურო ვიდალი "ბაიერნის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 113 შეხვედრაში 21 გოლი და 18 შედეგიანი გადაცემაა.

***

Mirror-ის ინფორმაციით, "პსჟ" სეზონის დასრულების შემდეგ უნაი ემერის დაითხოვს.

პარიზელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბასკი სპეციალისტის შემცვლელს აქტიურად ეძებენ. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ნასერ ალ ხელაიფის მთავარი სამიზნე "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლაა.

ზაფხულში ხელაიფი თავისი ყველა რესურსის გამოყენებას გეგმავს, რომ კატალონიელი სპეციალისტი გადაიბიროს, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება, რადგან "სიტის" სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს და მისი განხორციელება გვარდიოლას გარეშე წარმოუდგენელია.

აქვე გეტყვით, რომ "პსჟ"-ს თავკაცის პოსტზე ჟოზე მოურინიოს კანდიდატურაც განიხილება.

***

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" და გრიზმანი პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და სეზონის დასრულების შემდეგ, ფრანგი ფორვარდი "კამპ ნოუზე" გადაბარგდება.

ესპანური გამოცემა წერს, რომ "ბარსამ" შესაძლოა არდა თურანის 7 ნომრიანი მაისური ფელიპე კოუტინიოს არ ჩააცვას და ის გრიზმანისთვის შეინახოს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი კი კრუიფის ლეგენდარულ 14 ნომრიან მაისურს მოირგებს.

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტომასალა სადაც კოუტინიოს გვარი 7 ნომრიანი მაისურით იყო წარდგენილი. თუმცა, როგორც ჩანს სიტუაცია იცვლება და ამას რამდენიმე დღეში დაზუსტებით გავიგებთ, რადგან კოუტინიოს დებიუტი 28 იანვარს "ალავესთან" შეხვედრაში შედგება. ბუნებრივია, რომ მისი სათამაშო ნომრის შესახებაც ცნობილი მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გახდება.

როგორც წყარო ამტკიცებს, "ბარსა" და გრიზმანი იმაზეც შეთანხმდნენ, რომ პირობების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ფრანგი ფეხბურთელის შეძენა "ბლაუგრანას" მინიმუმ 100 მილიონი ევრო დაუჯდება.

***

Marca-ს ინფორმაციით რაფინია ალკანტარა კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

"ბარსელონამ" და "ინტერმა" ყველა დეტალი შეათანხმეს და 24 წლის ფეხბურთელი "სან სიროზე" გადაბარგდება.

რაც შეეხება გარიგების დეტალებს, რაფინია "ინტერში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, ზაფხულში კი "ნერაძურის" მისი გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ რაფინია "ბარსელონას" სკოლის "ლა მასიას" აღზრდილია და ის პირველი გუნდის ღირსებას 2011 წლიდან იცავდა. განათხოვრების შემდეგ, ბრაზილიელი გუნდს დაუბრუნდა, თუმცა როგორც ჩანს ამჯერად "ბარსას" საბოლოოდ დატოვებს.

***

ESPN-ის ინფორმაციით, "ბორდოს" ბრაზილიელი გარემარბის მალკომისთვის ბრძოლაში "არსენალს" თანაქალაქელი "ტოტენჰემიც" შეეცილება.

წყაროს ცნობით, "მეთოფეებისთვის" ობამეიანგისა და მხითარიანის დამატება პრიორიტეტულია და მალკომთან მოლაპარაკებები სათანადოდ ვერ მიჰყავთ.

"დეზების" თავკაცი მაურისიო პოჩეტინო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მალკომის შეძენას პრიორიტეტულად მიიჩნევს.

"ტოტენჰემს" 20 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი 40 მილიონო ევრო დაუჯდება, რომელსაც ბონუსების სახით 10 მილიონიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ მალკომი "ბორდოს" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 81 შეხვედრაში 18 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემაა.

***

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის Gianluca Di Marzio-ს ინფორმაციით, ედინ ჯეკო "ჩელსიში" გადასვლას დათანხმდა.

"ჩელსის" "რომას" კიდევ ერთი მოთამაშის მარცხენა მცველის ემერსონის დამატებაც სურს.

"არისტოკრატები" რომაელთათვის 60 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ და მოლაპარაკებებში მიჩი ბაჩუაისაც ჩართავენ.

ჯერჯეროით, "რომას" პოზიცია ცნობილი არ გახლავთ, თუმცა წყარო ადასტურებს, რომ ჯეკომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.

ანტონიო კონტე მორატას შედეგიანობით უკმაყოფილოა და გუნდში მეორე ცენტრფორვარდის მოყვანას გეგმავს.

***

ესაპნური Mundo-ს ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკო" ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" გადასვლის შემთხვევაში "მონაკოს" ფრანგ ნახევარმცველს ტომას ლემარს შეიძენს.

22 წლის ლემარით თითქმის მთელი პრემიერლიგა ინტერესდება. განსაკუთრებით კი ეს "ლივერპულსა" და "არსენალზე" ითქმის.

ლონდონელებმა ლემარის დასამატებლად "მონაკოს" სამჯერ მიმართეს, თუმცა ყველა შემთხვევაში უარი მიიღეს. "მონეგასკებმა" 60 მილიონიანი წინადადებაც დაბლოკეს.

წყაროს მტკიცებით, სეზონის ბოლოს "მონაკო" ლემარს გუნდში დარჩენაში ვეღარ დაითანხმებს და მას ტრანსფერზე დააყენებს.

რა თანხას შესთავაზებს "ატლეტიკო" ფრანგულ კლუბს, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ტომას ლემარი "მონაკოს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 111 შეხვედრაში 22 გოლი და 26 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები