BBC სრულად გაქრება და
Aa
Aa

BBC სრულად გაქრება და "რეალი" NHL-ით შეუტევს?! - პერესი რევოლუციას გეგმავს...

მადრიდული სპორტული გამოცემა Marca, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის რევოლუციურ გეგმას ახმაურებს.

პერესი აპირებს, რომ კლუბის შეტევის ხაზი მთლიანად შეცვალოს და ცნობილი BBC-ი, NHL-ით ჩაანაცვლოს.

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება კრიშტიანუ რონალდუსთან არცთუ თბილი ურთიერთობის შესახებ. იგი ხელფასის გაზრდას ითხოვს, რაზეც ჯერჯერობით პასუხსაც არ ეუბნებიან. კულუარულად ვრცელდება ხმები, რომ პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების ვარიანტს განიხილავს.

ნაჩვენები თამაშიდან და პრესაში გავრცელებული ცნობებიდან გამომდინარე, კარიმ ბენზემა მომავალ სეზონშიც რომ "ბლანკოსის" ფეხბურთელი იყოს, ამის შანსი სადღაც 1%-ია.

რაც შეეხება ბეილს, ნათელი "თეთრი" პერსპექტივები, არც მას მოუჩანს...

მივადექით მათ შემცვლელ ტრიოს - ახლადდაბადებულ NHL-ს.

"სამეფო კლუბი", ნეიმარის, აზარისა და ლევანდოვსკის დასამატებლად, ყველანაირ რესურსს გამოიყენებს.

ნეიმარის შეძენაზე ხმები დიდი ხანია ვრცელდება და ამ თემაზე რამდენჯერმე კომენტარი პერესმაც გააკეთა. მან დაახლოებით 3 დღის წინ განაცხადა, რომ ბრაზილიელს ნანატრი "ოქროს ბურთის" მოგება, "რეალთან" ერთად გაცილებით გაუადვილდება.

ედენ აზარი, ზინედინ ზიდანის პირადი ფავორიტია და "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლის იდეა, თავად ბელგიელსაც მოსწონს - იგი "ჩელსისთან" 2020 წლამდე გათვლილი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ერთი სიტყვით, ამ სამეულიდან ყველაზე რეალურად აზარის ტრანსფერი უნდა მივიჩნიოთ.

გადავიდეთ ლევანდოვსკიზე, რომელიც "ბაიერნში" მაინცდამაინც ბედნიერი არაა და ამის შესახებ ხანდახან მიანიშნებს ხოლმე. მადრიდელთა მონდომების შემთხვევაში, პოლონელის შეძენა დაუძლეველი ამოცანა ნამდვილად არ იქნება.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ პერესის მიერ შექმნილი 2 სხვადასხვა "გალაქტიკო" - პირველი ასეთი პროექტი, ისეთი ვარსკვლავების კრებულისგან შედგებოდა, როგორებიც ლუიშ ფიგუ, ზინედინ ზიდანი, რონალდო, დევიდ ბექჰემი, რობერტო კარლოსი, მაიკლ ოუენი და სხვები იყვნენ.

პერესის შემდეგი მსგავსი ტიპის გეგმა 2009 წლიდან ამუშავდა, როცა მან "რეალი" მეორედ ჩაიბარა. მაშინ ერთ ზაფხულს გუნდში კრიშტიანუ რონალდუ, კაკა და კარიმ ბენზემა მივიდნენ, რომელთაც მოგვიანებით, ლუკა მოდრიჩი, გარეტ ბეილი და ტონი კროოსი შეუერთდნენ.

დაახლოებით ასეთივე სატრანსფერო რევოლუცია იგეგმება ზაფხულისთვის. დაველოდოთ, დაველოდოთ...

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები