ბონუჩი იანვარში
Aa
Aa

ბონუჩი იანვარში "ბარსელონაში" გადავა?

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება.

იმის გათვალისწინებით, რომ იანვარში ხავიერ მასკერანო "ბარსელონას" ტოვებს და კარიერას ჩინეთში გააგრძელებს, კატალონიელთა გეგმებში ცენტრალური მცველის დამატება პირველ ადგილზეა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, "ბარსა" "მილანის" უკანახაზელით ლეონარდო ბონუჩით ინტერესდება.

ბონუჩის "როსონერიში" საქმეები კარგად არ მისდის. მისი ასპარეზობით ქომაგები უკმაყოფილონი არიან. ხელმძრვანელობაც ფეხბურთელისგან გაცილებით მეტს ელოდა.

იტალიურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ თავად ბონუჩის ინტერესებშიც შედის, რომ "მილანი" დატოვოს.

იტალიელი უკანახაზელი უკვე 30 წლისაა და მას თამაში უმაღლეს დონეზე სურს. "როსონერის" დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ბონუჩის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში კიდევ დიდ ხანს არ მოუწევს.

რაც შეეხება "ბარსას" ინტერესს, კატალონიელებს მაღალი დონის უკანახაზელის დამატება სურთ, რომელიც პიკესა და უმტიტისთან ერთად როტაციაში ითამაშებს.

"ბლაუგრანას" სურს, რომ იანვარში შეძენილი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიყენოს, ბონუჩი კი ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

"ბარსას" სიაში რამდენიმე მაღალი დონის უკანახაზელია, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ კატალონიელები მცველში დიდი თანხის გადახდას არ გეგმავენ, ბონუჩის კანდიდატურა საკმაოდ რეალური და მისაღები სჩანს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ლეონარდო ბონუჩიმ "მილანის" მაისური წლევანდელ სეზონში მოირგო და ის გუნდის კაპიტნადაც დანიშნეს. "როსონერიში" მის ანგარიშზე 24 მატჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები