ვალვერდეს ახალი
Aa
Aa

ვალვერდეს ახალი "ბარსა" - ტაქტიკა, სტილი და ვინ არის "სადაზღვეო პოლისი"?

"ბარსელონადან" ნეიმარის წასვლის შემდეგ, ერნესტო ვალვერდეს ტაქტიკის მხრივ ძირეული ცვლილებების გატარება მოუხდა.

სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბმა თავი ძალიან სუსტად წარმოაჩინა და თუ დემბელეს არ ჩავთვლით სასურველი მოთამაშეები ვერ შეიძინა.

ბასკ სპეციალისტს ყველაზე დიდი პრობლემა რა თქმა უნდა, შეტევის მარცხენა ფლანგზე შეექმნა. ყველა ელოდა, რომ ნეიმარის პოზიციაზე ვალვერდე უსმან დემბელეს გამოიყენებდა, თუმცა ის ასე არ მოიქცა. მან, ფრანგი გარემარბი მარჯვენა ფლანგზე მესის ნაცვლად გაამწესა და თვად არგენტინელს მოედნის ცენტრში სრული თავისუფლება მისცა.

ვალვერდემ ამ ცვლილებით ნახევარდაცვა კიდევ უფრო გააძლიერა. შეიძლება ითქვას, "ბარსას" ეს ცვლილება სჭირდებოდა კიდეც, რადგან ანდრეს ინიესტა ძველებურად ჯადოსნურად ვეღარ მოქმედებს.

33 წლის კაპიტანი ხშირი ტრავმიანობით გამოირჩევა და მის არყოფნაში გუნდს, შეტევების წამოწყებისას და ბურთის კონტროლისას სერიოზული პრობლემები ექმნება. სწორედ აქედან გამომდინარე, მწვრთნელმა მესის მეტი თავისუფლება მისცა და ფლანგიდან მისი ცენტრში შემოწევით ნახევარდაცვას საქმე გაუმარტივა.

ბასკმა სპეციალისტმა სათამაშო სქემაში ნახევარდაცვას როლი ერთიორად გაუზარდა. "ბლაუგრანა" ხშირად მიმართავს აქტიურ და აგრესიულ პრესინგს, რაც ბურთის კონტროლის საშუალებას ზრდის. ვალვერდემ, შეტევების ფლანგზე გაშლა განაპირა მცველებს მიანდო. ამ ცვლილების შემდეგ, "ბარსელონა" ცოტათი პრაგმატული გახდა, თუმცა გუნდს თავდაცვითი პოტენციალი საგრძნობლად გაეზარდა. კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს, ხოლო ლა ლიგის საწყის 15 ტურში 7.

შეტევის მარცხენა ფლანგი კი ვალვერდემ მთლიანად ხორდი ალბას ჩააბარა. მართალია კატალონიელი ფეხბურთელი ამპლუით ფორვარდი არ არის და არც განსაკუთრებულ ტექნიკურ არსენალს ფლობს, მაგრამ სამაგიეროდ მისი სისწრაფე და მაღალი დონის პასის კულტურა სწორ ტაქტიკასთან ერთად, გუნდისთვის ერთ-ერთ მთავარ იარაღს წარმოადგენს.

"ვილიარეალთან" მოგებული მატჩის შემდეგ, ერნესტო ვალვერდე სწორედ გუნდში ალბას როლს შეეხო და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ალბა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იარაღია. გუშინდელ მატჩში "ვილიარეალი" მოედნის ცენტრში საკმაოდ მჭიდროდ გვეთამაშებოდა და ამიტომ ფლაგის მოთამაშეებზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი პირველი ნახევრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ მეორე ტაიმში აქცენტი ალბაზე გამეკეთებინდა და საბოლოოდ მისი გარღვევები გადამწყვეტიც აღმოჩნდა. ის მესისთან შესანიშნავად არის შეთამაშებული და შეიძლება ითქვას, ეს ორი მოთამაშე ჩვენთვის სადაზღვეო პოლისივითაა".

რა მოხდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ეს არავინ იცის. შეიძენს, თუ არა "ბარსა" მარცხენა გარემარბს? ალბათ არა, რადგან ვალვერდეს ტაქტიკა მუშაობს.

თუ, ლუის სუარესი ძველებურ ფორმას აღიდგენს და 20 წლის დემბელეც საკუთარ პოტენციალის გამოავლენს, გუნდს შეტევაში პრობლემები არ შეექმნება.

ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ახალ "ბარსელონას" ვიხილავთ - უფრო პრაგმატულს, უფრო შეკრულს და უფრო აგრესიულს. ეს არ იქნება გვარდიოლას დრიმ-თიმი, მაგრამ მათი ნახვა უდაოდ საინტერესო იქნება.

ალბათ, ასეთი "ბარსაც" უნდა გვენახა...

 

მამუკა კუკულაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები