Aa
Aa

NBA - გუშინდელი მატჩების მიმოხილვა

გამთენიისას NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომელთაგან დიდ ინტერესს „ლეიკერსისა“ და „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ოვერტაიმში 127-123 მოიგო.

მთელი შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და პარკეტზე ბოლო წუთამდე დაძაბულობა სუფევდა.

ოთხმა მეოთხედმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ და 18-14 გაიმარჯვეს.

„უორიორსს“ ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 14 წუთი გაატარა, რა დროშიც მის ანგარიშზე 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო.

კევინ დურანტის მონაგარი 29 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი იყო. კარიმ კი 28 ქულა, 5 მოხსნა და 7 გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

სამმაგ დუბლამდე ერთი ზუსტი გადაცემა დააკლდა დრეიმონდ გრინს - 15 ქულა, 11 მოხსნა, 9 გადაცემა.

მასპინძელთა მხრიდან ბრენდონ ინგრემი ლიდერობდა - 32 ქულა, 5 მოხსნა, 3 გადაცემა, 3 ჩაჭრა.

მოკრძალებული ორმაგი დუბლით გამოირჩა ლონზო ბოლი - 15 ქულა, 10 გადაცემა.

„უორიორსმა“ 22-ე შეხვედრაში მე-16 გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზე იმყოფება.

***

ტურის სენსაცია დაფიქსირდა ორლანდოში, სადაც „თანდერი“ „მეჯიქს“ ესტუმრა და 108-121 დამარცხდა.

„მეჯიქმა“ ოთხიდან სამი მეოთხედის მოგება შეძლო და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

შესანიშნავი მატჩი ჰქონდა აარონ გორდონს, რომელის მონაგარი 40 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა და 1 ბლოკი იყო.

„ოკლაჰომას“ დიდი ტრიოდან რასელ უესტბრუკი გამოირჩა. „რასმა“ 37 წუთში 37 ქულა ჩააგდო, რასაც 11 მოხსნა, 5 გადაცემა და 5 ჩაჭრაც დაუმატა.

პოლ ჯორჯის მონაგარი 22 ქულა, 5 მოხსნა და 5 გადაცემა იყო.

 20 ტურის შემდეგ, „ოკლაჰომა“ დასავლეთ კონფერენციაში 8 მოგებითა და 12 მარცხით მე-10 პოიციაზე იმყოფება.

***

სეზონში მე-10 მარცხი იწვნია „ნიუ ორლეან პელიკანსმა“, რომელმაც შინ „მინესოტასთან“ 120-102 წააგო.

მატჩის მთავარი მომენტი ენტონი დევისის გაძევება იყო. მსაჯთან ჩხუბის გამო „პელიკანსის“ ლიდერმა პარკეტი ნაადრევად დატოვა.

დევისმა მხოლოდ 17 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 17 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

„ტიმბერვულვზის“ მხრიდან კი ენდრიუ უიგინსი გამოირჩა - 28 ქულა, 8 მოხსნა, 5 გადაცემა.

მინესოტელები დასავლეთ კონფერეცნიაში 13 მოგებითა 9 მარცხით მე-5 პოზიციას იკავებენ.

 

დანარჩენი მატჩები კი ასე დასრულდა:

დეტროიტი - ფინიქსი 131-107

ფილადელფია - ვაშინგტონი 118-113

ნიუ იორკი - მაიამი 115-86

ტორონტო - შარლოტი 126-113

დალასი - ბრუკლინი 104-109

სან ანტონიო - მემფისი 104-95

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები