ერთი დღე ბაქოში -
Aa
Aa

ერთი დღე ბაქოში - "ყარაბაღი" - "ჩელსის" მოლოდინი

ჩვენი მეზობლები, ამჯერად „ჩელსის“ მასპინძლობენ და რაც არ უნდა დავიჩემოთ, რომ მათზე მეტად სტუმართმოყვარე ერი ვართ, ფაქტია, „ჩემპიონთა ლიგა“ და ევროპული გრანდები, ჩვენზე ადრე მათ ეწვიათ... რატომ და რამდენად ადრე, მოდით, ამაზე ახლა არ გვინდა...

ბაქო მშვენიერი ქალაქია, ცოტ-ცოტა ევროპული და აზიური გემოვნების ინფრასტრუქტურითა და განშენიანებით. გემოვნება ცალკე, მაგრამ რაც გაკეთებულია, იდეალურადაა და ძალიან ლამაზია. ლამაზია იმიტომ, რომ ადგილობრივ კულტურასა და ადამიანებს უხდება. ასეთია აზერბაიჯანი და ასეთები არიან აქაურები...

ამ ქვეყანას საფეხბურთოდ ტრადიციულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. პირიქით, თითოეული თუნდაც ძალიან პატარა წარმატება ახალი, პირველი, ისტორიული და მათთვის საუცხოოდ გემრიელია.

ეს იგრძნობა და იციან, რომ „რომასგან“, „ატლეტიკოსგან“ და „ჩელსისგან“ ბევრად მეტს ისწავლიან, ვიდრე - განვლილ 3 სეზონში, „ევროპა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპზე ისწავლეს.

რაც შეეხება ზემოთნახსენებ საფეხბურთო არატრადიციულობას, ის თუნდაც იმაშია, რომ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი საფეხბურთო არენა, არა რომელიმე ფეხბურთელის ან ცნობილი საფეხბურთო ფუნქციონერის, არამედ, ამ სპორტში, ალბათ, ყველაზე უარყოფითი (მაგრამ საჭირო) პერსონაჟის - მსაჯის სახელს ატარებს. თანაც, მთავარი მსაჯისას კი არა - თანამსაჯისას... დიახ, ტოფიკ ბახრამოვი ლაინსმენი იყო. თანაც, კარგი მსაჯისას კი არა - იმის, ვინც ფეხბურთის ისტორიაში, დაშვებული შეცდომის გამო შევიდა და 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მასპინძელი ინგლისის სასარგებლოდ, ძალიან უხეში და აშკარა შეცდომა დაუშვა...

ამით უბრალოდ ხაზი იმას გავუსვით, რომ აზერბაიჯანს, ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, რამაზ შენგელია, გივი ჩოხელი, დავით პეტრიაშვილი და ასეთები არ ჰყოლია...

ქალაქში ჩასვლამდე, მგზავრობისას, ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს - ლაშა რამაზაშვილსა და საბა საბანაძეს, შემთხვევით შევხვდი და შემდეგ ბაქოში გზა ერთად გავიკვლიეთ.

აზერბაიჯანის დედაქალაქმა ვერა, მაგრამ ერთ-ერთმა პირველმა შემხვედრმა ნამდვილად გაგვაკვირვა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენი აღმოჩნდა.

როდესაც მას გავეცანით და წვრილმან საკითხში, მისთვის მარტივი და ჩვენთვის საჭირო რჩევა ვკითხეთ, დაინტერესდა და გადაწყვიტა, ქალაქის სტუმრებს თავად დაგვხმარებოდა და საკუთარი მანქანით, რამდენიმე საჭირო ადგილას მიგვიყვანა.

საზოგადოების საერთო სურათმა ნამდვილად ვერ მოგვხიბლა, ჩვენი მოულოდნელი ახალი მეგობარი კი, საკმაოდ გათვიცნობიერებული და საინტერესო შეხედულებების ადამიანი იყო. მის მანქანაში ჩაჯდომისას, ბობ მარლი მოგვესალმა... ალბათ არ გადავაჭარბებთ და არავის ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეთა უმრავლესობა, ბობ მარლსა და აზარტულ თამაშებს, დაახლოებით ერთნაირად იცნობს...

გზაში ძირითადად ფეხბურთზე ვსაუბრობდით და როგორც ჩანდა, ამ სპორტში კარგად ერკვეოდა. ბევრი იცოდა ქართულ ფეხბურთსა და ჩვენს ფეხბურთელებზე. აზერბაიჯანის ჩემპიონატის მთავარ პრობლემად კი ის დაასახელა, რომ უმაღლეს ლიგაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მხოლოდ ბაქოს კლუბები თამაშობენ და რეგიონებში ფეხბურთი თითქმის არ არსებობს...

...აშკარა იყო, რომ საქმეს მოწყდა და ამ აჩქარებულ დროში, ძვირფასი 2 საათი, უბრალოდ, სრულიად უანგაროდ, თავისი ინიციატივით დაგვითმო და სანამ სასტუმროში არ დაგვაბინავა, არ მოგვშორდა.

ეს ის მომენტია, როცა სიტყვა მადლობა, ბევრს არაფერს ნიშნავს...

თუკი უახლოეს პერიოდში ბაქოში მოხვდებით და „მაკდონალდსში“ ჭამას გადაწყვეტთ, მზად იყავით, რომ დაახლოებით ისეთივე ბურგერს შეჭამთ, როგორსაც 24 საათიდან, 23-ის „ბირჟაზე“ გამტარებელი, ჩემი მეზობლები აკეთებენ...

ქალაქში განსაკუთრებული საფეხბურთო მოლოდინი ნამდვილად ვერ ვიგრძენით და თუნდაც აბრასაც ვერსად წავაწყდით, სადაც მოახლოებული მატჩის შესახებ ეწერებოდა...

წარმომიდგენია, ქართული გუნდი რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდეს, ჩვენთან რა მოხდებოდა... კარგი იყო 2004 წლის „უეფას თასი“, თბილისის „დინამოსთან“ ერთად, თუნდაც წაგებებით...

ველოდებით „ჩემპიონთა ლიგას“ და ველოდებით „ყარაბაღი“-„ჩელსის“.

ცოტა მოღრუბლულია, იმედია, არ იწვიმებს...

Yaxşı axşam... Yaxşı futbol…

 

ირაკლი ფოფხაძე - სპეციალურად CrystalSport.ge-სთვის ბაქოდან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები