Aa
Aa

"მანჩესტერ სიტი": ფაბიან დელფის უცნაური ტრანსფერი

ფაბიან დელფი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდა. ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის უფრო ძლიერ გუნდში გადასვლა გასაკვირი ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა ორი გარემოება - დელფმა, რომელმაც იანვარში "ასტონ ვილასთან" ახალი, ოთხწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რამდენიმე დღის წინათ ბირმინგემელებს ერთგულება შეჰფიცა და სხვებსაც მოუწოდა, დარჩითო. 

ხოლო მეორე უცნაური გარემოება ის არის, რომ სატრანსფერო თანხა 8 მილიონი გირვანქაა და უცნაურია, რატომ იყო გამოსასყიდად კონტრაქტში ჩადებული ასე მცირე თანხა. "ვილას" კაპიტნის საბაზრო ფასი, წესით, საგრძნობლად მეტი უნდა ყოფილიყო.

"ის მხოლოდ 25 წლისაა და საუკეთესო წლები წინ აქვს. ფაბიანი ბრწყინვალე ფეხბურთელია და მიხარია, რომ მასთან ერთად ვიმუშავებ" - თქვა მანუელ პელეგრინიმ.

"ვადასტურებთ, რომ ფაბიან დელფი კონტრაქტში ჩადებული გამოსასყიდის პუნქტის გამოყენებით, "მანჩესტერ სიტიში" გადადის. გვსურს მას სამომავლო წარმატებები ვუსურვოთ" - ნათქვამია "ასტონ ვილას" განცხადებაში.

დელფს "სიტიში" მე-18 ნომერი არგუნეს. ეს მაისურა ბოლოს ფრენკ ლამპარდს ეცვა და სოციალური ქსელის მეშვეობით, ფრენკიმ ფაბიანს ამერიკიდან უსურვა წარმატება.

"ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ფაბიან დელფს. "სიტის" ახალი მე-18 ნომერი ჰყავს. მიიღე სიამოვნება "სიტისა" და ინგლისის ნაკრების მაისურის ტარებით" - დაწერა ლამპარდმა.

დელფი გადაწყვეტილების მიღებამდე ჯო ჰარტსა და "ქალაქელების" ექსფეხბურთელს, მიკა რიჩარდს გასაუბრებია. მას ორივემ მოუწოდა მანჩესტერისკენ გადაბარგებისაკენ.

"მიკა რიჩარდსმა მითხრა, რომ ეჭვი არაფერში უნდა შემპარვოდა. "სიტი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, სადაც ბრწყინვალე დრო გავატარეო" - თქვა დელფმა, რომელმაც ბოლო ორი სეზონი მართლაც ძალიან კარგად ჩაატარა.

აქვე "ქალაქელების" კიდევ ერთ ახალწვეულზე უნდა ვთქვათ. მანჩესტერელებმა "ფულჰემიდან" 18 წლის თავდამსხმელი პატრიკ რობერტსი შეიძინეს. თუ რა დაუჯდა გუნდს "კრევენ კოტეჯიდან" ნიჭიერი ნორჩი ფორვარდის გადმოყვანა, არ გახმაურებულა. რობერტსმა წინა სეზონში ჩემპიონშიპში 17 შეხვედრა ჩაატარა. მას ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები. დიდი შანსია, პელეგრინიმ რობერტსი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაანათხოვროს.

***

"მანჩესტერ სიტიმ" გახურება "მელბურნთან" მატჩით დაიწყო და მართალია,

შემადგენლობა სუპერექსპერიმენტული იყო, მაგრამ ბევრი, ალბათ, მაინც არ ელოდა იმას, რომ "ქალაქელებს" ასე გაუჭირდებოდათ. 

თავიდანვე ვთქვათ, რომ რაჰიმ სტერლინგის დებიუტი გადაიდო, იგი ტრიბუნაზე ყოფნითა და ავტოგრაფების დარიგებით შემოიფარგლა. სამაგიეროდ, ითამაშა "ბურსადან" მიყვანილმა თავდამსხმელმა ერსუნ იუნალმა, 18 წლის თურქი ტალანტი შეცვლაზე შევიდა მინდორზე. ექსპერიმენტულ გუნდში გამოიძებნა ფრანგი ნახევარმცველის, 20 წლის სეკო ფოფანას ადგილი, ვიხილეთ 18 წლის ბრენდონ ბეიკერიც, მისი თანამემამულე პაბლო მაფეოც და ასე შემდეგ. 

ცალკე ვახსენოთ 22 წლის ბრუნო სუკულინი, რომელიც ცვლილებაზე შევიდა და სწორედ მან უპასა სამირ ნასრის, რომელმაც ამ შეხვედრაშიც ერთადერთი გოლი ეფექტური დარტყმით შეაგდო 86-ე წუთზე. მანუელ პელეგრინის გუნდს შემდეგი მატჩები "რომასთან" და მადრიდის "რეალთან" აქვს. ამ შეხვედრებში ჩილელი სპეციალისტი უფრო საბრძოლო შემადგენლობით გავა მინდორზე, მაგრამ რჩეულ ახალგაზრდებს, ალბათ, ისევ მისცემს შანსს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები