ბასილაშვილი მსოფლიოს 120-ე ჩოგანია
Aa
Aa

ბასილაშვილი მსოფლიოს 120-ე ჩოგანია

უიმბლდონზე წარმატებული თამაშის წყალობით, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 33 ადგილით დაწინაურდა და 120-ე პოზიციაზე დამკვიდრდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული 3 გამარჯვების კვალად, ნიკოლოზმა ძირითად ბადეში 2 მოგება მიითვალა, რისი წყალობითაც თავი 452 ქულას მოუყარა.

ახლა, ბასილაშვილი სან-მარინოში იმყოფება და საქართველოს ნაკრებთან ერთად დევისის თასის III ჯგუფის ევროპული ზონის მატჩებისთვის ემზადება.

ეროვნულ გუნდში არიან ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე და იორგი ჯავახიშვილიც. მეტრეველს სტამბოლის ტურნირებზე ყოჩაღობა დაუფასდა და 60-ადგილიანი წინსვლის კვალად, 67 ქულით 519-ე საფეხურზეა.

25 ქულით მსოფლიო 790-ე ჩოგანია ცივაძე, ჯავახიშვილი 7 ქულით 1151-ეა, კლასიფიკაციაში კი ალექსანდრე ბაკში (1199-ე) და ირაკლი მეტრეველიც (1661) ფიგურირებენ.

8 ქართველი გოგონა მოხვდა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში. მათგან საუკეთესო შედეგი ისევ სოფო შაფათავას გააჩნია, რომელიც გასულ კვირაში ბურსას 50-ათასიანი ტურნირის ფინალში გავიდა და 33 ადგილით დაწინაურდა.

244 (277). სოფო შაფათავა – 178 ქულა; 335 (349). ეკატერინე გორგოძე – 113; 407 (383). სოფო ქვაცაბაია – 76; 589 (571). მარიამ ბოლქვაძე – 37; 598 (606). ოქსანა კალაშნიკოვა – 36; 1033 (1053). თამარ ჭალაგანიძე – 7; 1082 (1106). თამარ კუტუბიძე – 6; 1116 (910). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 5;

ქართველ ჩოგბურთელებს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვთ წყვილთა რეიტინგში, სადაც კალაშნიკოვა 79-ე ადგილზეა, გორგოძე – 166-ეზე, ხოლო შაფათავა – 185-ეზე.

მიმდინარე კვირაში შაფათავა ჩეხეთის ქალაქ ოლიმოუცში იმყოფება და ძალებს 50-ათასიან ტურნირში სცდის. ერთეულთა ბადეში ქართველის მეტოქე, ჯერჯერობით, უცნობია, წყვილებში კი ის პოლონელ მაგდალენა ფრეჩთან გახლავთ შეამხანაგებული და ჩეხებს – მუჩოვას და სტეფკოვას გაეჯიბრება. გერმანული აშაფენბურგის 25-ათასიან ტურნირზე ითამაშებს სოფო ქვაცაბაია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები