2019 წლის მსოფლიოს თასისთვის
Aa
Aa

2019 წლის მსოფლიოს თასისთვის "ბორჯღალოსნების" კალენდარი ცნობილია

იაპონია 2019, რაგბის მსოფლიო თასი 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, ბორჯღალოსნები პირველ თამაშს 23 სექტემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავენ. დღეს მსოფლიო რაგბმა ჯგუფური ეტაპების მატჩების განრიგი მომავალი მსოფლიო თასის ფინალურ შეხვედრამდე ზუსტად 2 წლით ადრე ოფიციალურად გამოაქვეყნა!

ზედიზედ მეხუთედ

2019 წელს ბორჯღალოსნები ზედიზედ მეხუთე (2003 წლიდან) მსოფლიო თასზე ითამაშებენ. ორი წლის წინ, ინგლისის მსოფლიო თასზე, პირველად ტურნირის ისტორიაში, ქართველმა მორაგბეებმა ორი თამაში მოიგეს (ტონგასთან და ნამიბიასთან), ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით 12 მოწინავე გუნდს შორის მოხვდნენ და იაპონიის საგზური 4 წლით ადრე, შესარჩევი ეტაპის გარეშე დაიბევეს.

მაისში გამართული კენჭისყრის შედეგად, 2019 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი გუნდი „დ“ ჯგუფში - ავსტრალიასთან, უელსთან, ოკეანეთის შესარჩევი ზონის გამარჯვებულ ფიჯისთან და ამერიკა2-თან მოხვდა. ამერიკის ზონიდან მეორე გუნდის ვინაობა 2018 წლის დასაწყისში გაირკვევა. 27 იანვარს კანადა ურუგვაის მიიღებს, 3 თებერვალს განმეორებითი შეხვედრაა და პლეი ოფის გამარჯვებული „დ“ ჯგუფის ბოლო ბინადარი გახდება.

უელსიდან ავსტრალიამდე

იაპონიაში ბორჯღალოსნები პირველ თამაშს 23 სექტემბერს, ტოიოტა სითიში, 45-ათასიან ‘ტოიოტა სთედიუმზე’ უელსთან გამართავენ და ის ადგილობრივი დროით 19:15 საათზე დაიწყება (სხვაობა 5 საათი).

29 სექტემბერს საქართველო ტოიოტა სითის ჩრდილო აღმოსავლეთით, ქალაქ კუმაგაიაში, 24-ათასიან ‘კუმაგაია რაგბი სთედიუმზე’ ამერიკა2-ს შეხვდება. თამაში ადგილობრივი დროით 14:15 საათზე დაიწყება.

14:15 საათზე იწყება მესამე მატჩიც, რომელშიც ბორჯღალოსნები ფიჯის 3 ოქტომბერს შეხვდებიან. თამაში ქვეყნის ყველაზე დიდი, მთავარ კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთით, ზღვისპირა ქალაქ ოსაკაში, ‘ჰანასონო სთედიუმზე’ გაიმართება, რომელიც 30 ათას მაყურებელს იტევს.

ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს, შიზუოკას პრეფექტურაში, ‘შიზუოკა სთედიუმზე’ (50 889 მაყურებელი) ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ. თამაში 19:15 საათზე იწყება.

მსოფლიო რაგბის ეგიდით, ბორჯღალოსნებს იაპონიაში პირველ თამაშამდე ერთი კვირით ადრე, ანუ 16 სექტემბრიდან შეეძლებათ სტუმრობა. ჩვენს გუნდს ოთხივე თამაშის გამართვა ქვეყნის უდიდეს კუნძულზე - ჰონსიუზე უწევს.

rugby.ge

ცხელი ამბები