უილიამსი 1/2 ფინალში გავიდა
Aa
Aa

უილიამსი 1/2 ფინალში გავიდა

სინგაპურში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა შემაჯამებელ ტურნირზე „თეთრ ჯგუფში“ მე-3 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელმაც ორივე 1/2 ფინალისტი გამოავლინა.

დღის პირველ შეხვედრაში ორი უმოტივაციო ჩოგბურთელი - ჯგუფიდან 1-ლი ადგილით გასული კაროლინა პლიშკოვა და 1/2 ფინალის შანსის გარეშე დარჩენილი ელენა ოსტაპენკო დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ოსტაპენკოს უპირატესობით წარიმართა და მისივე მარტივი გამარჯვებით 6:3 6:1 დასრულდა.

დღის მეორე თამაშში, 1/2 ფინალში გამსვლელს ერთმანეთში ვენუს უილიამსი და გარბინ მუგურუსა არკვევდნენ, რომელთა მატჩიც, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

37 წლის მეტოქესთან ფავორიტად, მიმდინარე წლის „უიმბლდონის“ გამარჯვებული მუგურუსა მოიაზრებოდა. სხვათა შორის, „უიმბლდონის“ ფინალში მუგურუსამ სწორედ ვენუსს მოუგო.

შეხვედრაში პირველი ბრეიკი, ფავორიტად შერაცხულმა მუგურუსამ შეასრულა და პირველ სეტში 4:3 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და პარტია 5:7 დათმო.

ძალიან დაძაბული გამოდგა მე-2 სეტი, რომელშიც მუგურუსა 4:3-ს კვლავ ბრეიკით იგებდა, თუმცა ზედიზედ 3 გეიმი და მასთან ერთად მატჩიც წააგო - 5:7 4:6.

ვეტერანი ამერიკელი ტურნირის 1/2 ფინალში კაროლინ ვოზნიაცკის შეხვდება, რომელმაც „წითელ ჯგუფში“ პირველი ადგილი 2 ტურის შემდეგ გაინაღდა.

პლიშკოვას მეტოქე კი დღეს გაირკვევა. იგი ან სიმონა ჰალეპი ან კაროლინ გარსია იქნება. ჰალეპს 1/2 ფინალში გასვლის უკეთესი შანსი აქვს და თუკი უმოტივაციო სვიტოლინას დაამარცხებს, პლიშკოვას სწორედ ის შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები