Aa
Aa

"ბარსამ" კოუტინიოს ალტერნატივას მიაგნო! შანსები რეალურია

"ბარსელონას" სატრანსფერო ბაზარზე დიდი გეგმები აქვს. კატალონიელები უახლოესი ორი სატრანსფერი ფანჯრის დროს, შემადგენლობის გვარიანად გაძლიერებას გეგმავენ.

როგორც ცნობილია, "ბარსა" კოუტინიოს ვერ ივიწყებს და იანვარში "ლივერპულთან" მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.

დღეს tribalfootball-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანას" კოუტინიოს ალტერნატივა გამოუჩნდა. საუბარია "ბაიერნის" ესპანელ ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარაზე.

გასულ სეზონში აქტიურად იწერებოდა, რომ კატალონიელები ტიაგოს დაბრუნებას გეგმავდნენ, მაგრამ მოლაპარაკებები არ შედგა.

როგორც წყარო წერს, ალკანტარას პირადი აგენტი "ბარსელონას" დაუკავშირდა და მისი კლიენტის დაბრუნება შესთავაზა. როგორც ჩანს, ტიაგო მზადაა, რომ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდეს.

ეს მაშინ მოხდება, თუ "ბარსა" კოუტინიოს ნაცვლად პრიორიტეტად ტიაგოს დააყენებს. ასეთ შემთხვევაში, ფეხბურთელი მზადაა, რომ "კამპ ნოუზე" დაბრუნდეს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ვარიანტი კატალონიელებსაც აწყობთ, რადგან ალკანტარას გაფორმება გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე კოუტინიოს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილო/ესპანელი ნახევარმცველი "ბარსელონას" აკადემიის "ლა მასიას" აღზრდილია. ტიაგომ "ბარსას" პირველ გუნდში 2009-2013 წლებში ითამაშა. იგი 100 შეხვედრაში 11 გოლითა და 20 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

"ბაიერნის" რიგებში კი მისი მონაგარი ასეთია - 129 მატჩი, 20 გოლი და 23 საგოლე გადაცემა.

ტრანსფერმარკეტზე ტიაგო ალკანტარას ფასი 36 მილიონი ფუნტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები