Winter Is Coming - ანუ, ვის შეძენას გეგმავს
Aa
Aa

Winter Is Coming - ანუ, ვის შეძენას გეგმავს "ბარსა" იანვარში?

ესპანური პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ "ბარსელონა" ზამთარში შემადგენლობას გააძლიერებს.

რამდენიმე დღის წინ კატალონიელთა დირექტორმა ოსკარ გრაუმ განაცხადა, რომ კლუბმა სარეკორდო ბიუჯეტი დაამტკიცა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენას შეძლებენ.

რა თქმა უნდა, პრესა უმალვე კოუტინიოს კანდიდატურაზე ალაპარაკდა. უკვე საკმაოდ ბევრმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა, რომ "ბარსა" ბრაზილიელს ზამთარში მიუბრუნდება და "ლივერპულიც" მის შენარჩუნებას უკვე აღარ აპირებს.

"ბლაუგრანა" მხოლოდ შეტევის გაძლიერებას არ აპირებს. ერნესტო ვალვერდე დაცვის ცენტრის თამაშით დიდად კმაყოფილი არ არის და მინიმუმ ერთი უკანახაზელის დამატება სურს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ გუნდს საბოლოოდ დატოვებს ტომას ვერმალენი. ზაფხულში შესაძლოა ხავიერ მასკერანოც წავიდეს. ხერარდ პიკესა და სამუელ უმტიტის, მაღალი დონის კონკურენტი სჭირდებათ და "ბარსა" ასეთად კოლუმბიელ იარი მინას თვლის. 

23 წლისა და 1.95 სიმაღლის ცენტრალური მცველი კატალონიელებმა უკვე დაიბევეს. ბრაზილიურმა "პალმეირასმა" "ბარსელონასგან" 9 მილიონი ევრო ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღო.

ვალვერდეს ნახევარმცველის დამატებაც სურს და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად "შალკეს" გერმანელი შუახაზელი ლეონ გორეცკა სახელდება.

22 წლის გერმანელი ფეხბურთელი, გასული სეზონიდან მოყოლებული გრანდების ინტერესის ობიექტია. ის, უკვე ბუნდესნაკრებშიც სისტემატურად ასპარეზობს, რაც მის ფასს კიდევ უფრო ზრდის.

არის მეორე ვარიანტიც - ჟან მიშელ სერი. "ნიცას" კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველი "ბარსაში" გადასვლასთან ზაფხულშიც ახლოს იყო, თუმცა გარიგება "პსჟ"-მ ჩაშალა, შემდეგ კი ფეხბურთელი არც თავად იყიდა...

ამჯერად, კატალონიელები 26 წლის მოთამაშეს კვლავ მიუბრუნდნენ და მოლაპარაკებების მეორე ეტაპის დაწყებას გეგმავენ.

გუნდს აქვს ერთი დიდი პრობლემა. როდესაც ინიესტა ტრავმის გამო თამაშს ვერ ახერხებს, "ბარსას" თამაში ისეთივე ხარისხიანი ვეღარაა, როგორიც ეს კაპიტანთან ერთად არის ხოლმე.

სათადარიგო სკამზე მყოფი ფეხბურთელები, მნიშვნელოვანი მატჩების დროს არასაიმედოდ გამოიყურებიან.

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბართომეუსა და მის გუნდს, რამდენიმე თვის წინ უნდობლობა გამოუცხადეს და იმპიჩმენტისთვის ხმების შეგროვებაც დაიწყეს, თუმცა სასურველ რაოდენობას თავი ვერ მოუყარეს და კლუბის ამჟამინდელი ბორდიც გადარჩა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბართომეუ სატრანსფერო ბაზრის დახმარებით ქომაგთა გულის მოგებას გეგმავს და იანვარში რამდენიმე ხმაურიან ტრანსფერს უმიზნებს.

რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ამ სიას ვინმე დაემატოს ან გამოაკლდეს. თუმცა, "ბარსას" მიზანი უცვლელი დარჩება - შემადგენლობის რეფორმირება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები