Aa
Aa

"ბარსას" დირექტორი: "ჩვენ მზად ვართ, რომ ზამთარში კოუტინიო ვიყიდოთ"

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დრამა, ფელიპე კოუტინიოს "ლივერპულიდან" შესაძლო წასვლა იყო.

საბოლოოდ, "ბარსამ" "მერსისაიდელებთან" შეთანხმებას ვერ მიაღწია და გარიგება მოულოდნელად ჩაიშალა.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, ინგლისურმა კლუბმა კოუტინიო დაითანხმა, რომ წლის ბოლომდე მათ რიგებში დარჩენილიყო, შემდეგ კი ზამთარში წასვლის უფლებას მისცემდნენ.

როგორც ამ დღეებში გახდა ცნობილი, "ბარსა" ზამთარში შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს. გუნდს მინიმუმ 3-4 მოთამაშე დატოვებს, რომელთა ადგილს ახალი სახეები დაიკავებენ.

Goal-ის ინფორმაციით, დღეს "ბლაუგრანას" დირექტორმა ოსკარ გრაუმ პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა: "ჩვენ მზად ვართ, რომ ზამთარში კოუტინიო ვიყიდოთ, ან ნებისმიერი სხვა მოთამაშე, რომელსაც გუნდის სამწვრთნელო შტაბი მოითხოვს. გასული სეზონის შემდეგ, კლუბმა დიდი ფინანსური შემოსავალი მიიღო. სუფთა მოგებამ 144 მილიონი ევრო შეადგინა."

პრესკონფერენციის ბოლოს, გრაუმ მედიას გუნდის ახალი ბიუჯეტი წარუდგინა, რომელიც სარეკორდო გახდა და მან 897 მილიონი ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კატალონიელთა ბიუჯეტი 708 მილიონი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები