Aa
Aa

მატჩის წინ - დორტმუნდი VS რეალი

„ჩემპიონთა ლიგის“ დღევანდელი დღის მთავარი მატჩი დორტმუნდში შედგება. „სიგნალ იდუნა პარკზე“ „დორტმუნდის ბორუსია“ „რეალს“ მიიღებს.

ეს გუნდები „ჩემპიონთა ლიგის“ ბოლო 6 სეზონში მეხუთედ ხვდებიან.

დორტმუნდელები შესანიშნავ ფორმაში არიან და ბუნდესლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ. მათ გასულ უქმეებზე მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ 6:1 გადაურბინეს. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, დუბლი მაქსიმილიან ფილიპმა მიითვალა, ხოლო ერთი ბურთი ჯულიან ვაიგლის ანგარიშზე იყო.

პიტერ ბოშის გუნდი „რეალთან“ მატჩს უდიდესი საკადრო პრობლემების ფონზე ხვდება. ტრავმების გამო მათი მხრიდან შმელცერი, შიურლე, გერეირო, როდე და დურმი ვერ ითამაშებენ.

პიტერ ბოში (დორტმუნდი): „რეალის“ თამაშების ყურება ძალიან მიყვარს. ისინი ლამაზ ფეხბურთს აჩვენებენ, ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ჰყავთ და ესაა ის, რაც მე ფეხბურთში მომწონს.

მიყვარს ტექნიკური ფეხბურთელები და მას შემდეგ, რაც კლუბში ზიდანი მოვიდა, „რეალში“ წინა პლანზე სწორედ ასეთი მოთამაშეები არიან“.

უქმეებზე მძიმე მატჩი მოიგო „რეალმა“, რომელმაც ბასკეთის მთავარ ქალაქ ვიტორიაში „ალავესს“ 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში გოლები „სამეფო კლუბის“ ახალწვეულმა დანი სებალიოსმა გაიტანა.

ესპანელთაგან დღევანდელ დაპირისპირებას ბენზემა, მარსელო და კოვაჩიჩი გამოტოვებენ. საეჭვოა ტეო ერნანდესის თამაში.

ზინედინ ზიდანი (რეალი): „ეს რთული მატჩია და როცა თქვენ მეკითხებით, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა თამაშის სირთულის შესახებ ვიცით და ისინი თანდათან უფრო რთულდება.

სიმართლე გითხრათ, ამ სეზონში ნაჩვენები თამაშით შეშფოთებული არ ვარ. ვიცი, რომ რამდენიმე მატჩში საუკეთესოდ არ გვითამაშია“.

დღევანდელი მეტოქეები აქამდე ერთმანეთს 12-ჯერ შეხვდნენ. 4 თამაში „რეალმა“ მოიგო, 3 „დორტმუნდმა“, ხოლო 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

დავამატოთ ისიც, რომ თუკი დღეს კრიშტიანუ რონალდუ მოედანზე იქნება, ის „ჩემპიონთა ლიგაზე“ თავის 150-ე შეხვედრას ჩაატარებს.

„დორტმუნდისა“ და „რეალის“ თამაშს, რომელიც 22:45 საათზე დაიწყება, ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი ბიორნ კუიპერსი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები