Aa
Aa

მატჩის წინ - ბარსელონა VS იუვენტუსი

"ჩემპიონთა ლიგის" D ჯგუფის ფავორიტები, "ბარსელონა" და "იუვენტუსი", დღეს, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, "ნოუ კამპზე" დაუპირისპირდებიან.

"ბარსა" ევროტურნირების ეგიდით, საკუთარ არენაზე 2013 წლის შემდეგ, 21 თამაშია არ დამარცხებულა - 19 მოგება და 2 ფრე.

ეს გუნდები "ჩემპიონთა ლიგის" გასული სეზონის 1/4 ფინალში შეხვდნენ - "ბებერმა ქალბატონმა" ორი მატჩის ჯამში 3:0 იმარჯვა.

ლიონელ მესის ჯანლუიჯი ბუფონის კარში გოლი არასდროს გაუტანია. არგენტინელ ვარსკვლავს "უეფას" საკლუბო ტურნირებში 97 გოლი აქვს გატანილი და კრიშტიანუ რონალდუს 11 გოლით ჩამორჩება.

გუნდების ახალი ამბები

* "ბარსელონამ" უქმეებზე დერბიში "ესპანიოლი" 5:0 გაანადგურა. მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი პიკემ და სუარესმა შეაგდეს.

* ესპანელებს დღევანდელ თამაშში არდა და პაკო ალკასერი არ ეყოლებათ.

* "იუვენტუსმა" სერია A-ს მე-3 ტურში შინ "კიევოს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა. თავი იგუაინმა და დიბალამ გამოიჩინეს, ხოლო 1 ბურთი ვერონელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.

* იტალიელები შეხვედრას საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდებიან. მათი მხრიდან კვადრადო, კიელინი, მარკიზიო, ხედირა და მანჯუკიჩი ვერ ითამაშებენ. საეჭვოა ალექს სანდროს მოედანზე გასვლაც.

* მიუხედავად დაზიანებისა, ალექს სანდრო სავარაუდო შემადგენლობაში მოიაზრება, ხოლო კიელინის ისევ ბენატია ჩაანაცვლებს, რომელმაც "კიევოსთან" კარგი შთაბეჭდილება დატოვა და football-italia-ს ვერსიით, ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

მატჩისწინა პრესკონფერენცია

ერნესტო ვალვერდე: "იუვე" ძალიან ძლიერი და ბრძოლისუნარიანი გუნდია. ვფიქრობ, შეხსენება არავის სჭირდება, რომ "ბარსა" გასულ სეზონში ასპარეზობას სწორედ მან გამოთიშა.

ისინი ძლიერად თამაშობენ ბურთის ამოტანისას და მეტოქის ნახევარზე პრესინგიც მშვენივრად გამოსდით. 

როცა მათი შემტევი ფეხბურთელები ერთმანეთს უკავშირდებიან, საგოლე მომენტების შექმნა საკმაოდ მარტივად შეუძლიათ. 

ეს ევროპის მასშტაბით ორი უძლიერესი გუნდის თამაშია". 

მასიმილიანო ალეგრი: "წინ შესანიშნავი მატჩი და დიდებული საფეხბურთო საღამო გველის. 

ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ფეხბურთში ნებისმიერი სეზონი წინისგან მკვეთრად განსხვავდება. გრძელი სეზონი გველის და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.

შემიძლია ვთქვა, რომ ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში არ ვართ, რადგან მხოლოდ სეზონის სტარტია. მნიშვნელოვანია, რომ მარტში სამივე ტურნირზე ვასპარეზობდეთ და საუკეთესო კონდიციებში სწორედ მაშინ უნდა ვიყოთ.

გასული სეზონის "იუვესგან" ეს გუნდი განსხვავებულია, ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ და ვფიქრობ, უკეთესობისკენ. 

იმასაც ვიტყოდი, რომ "ბარსელონა" "რეალთან" ერთად "ჩემპიონთა ლიგის" ფავორიტთა შორისაა". 

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედო, პიკე, უმტიტი, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - მესი, დემბელე, სუარესი.

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ბარძალი, ბენატია, რუგანი, ალექს სანდრო - სტურარო, პიანიჩი, მატუიდი - დუგლას კოშტა, დიბალა, იგუაინი.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას გამოცდილი სლოვენიელი დამირ სკომინა იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები