US OPEN 2017 - ვენუსიც გაისტუმრეს, ახალი თაობა, ამერიკული ფინალი და ახალი ჩემპიონი!
Aa
Aa

US OPEN 2017 - ვენუსიც გაისტუმრეს, ახალი თაობა, ამერიკული ფინალი და ახალი ჩემპიონი!

დღეს გამთენიისას, ამერიკის ღია პირველობაზე, ქალთა შორის 1/2 ფინალური შეხვედრები ჩატარდა.

წლევანდელი გათამაშება მასპინძლებისთვის სუპერწარმატებული გამოდგა, რადგანაც ტურნირის ნახევარფინალური წყვილები სრულად ამერიკელებმა შეადგინეს.

დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს, US OPEN-ის ორგზის გამარჯვებული ვენუს უილიამსი და ამ ტურნირზე 1/2 ფინალში პირველად გასული სლოუნ სტივენსი დაუპირისპირდნენ.

თამაშის პირველ და მეორე სეტში ბრძოლა პრაქტიკულად არ ყოფილა - ჯერ სტივენსმა 6:1 მოიგო, რაზეც უილიამსმა მეტოქეს 6:0-ით უპასუხა და საქმე გადამწყვეტ პარტიამდე მივიდა.

მე-3 სეტში მოთამაშეებმა 2-2 ბრეიკი გაცვალეს და გადამწყვეტი მომენტი 5:5-ზე დადგა, როცა უილიამსმა საკუთარი მოწოდება 0-ზე დათმო, რის შემდეგაც სტივენსმა საკუთარი ჩაწოდება მოიგო და დიდი სლემის ფინალის საგზური კარიერაში პირველად მოიპოვა.

დღის მეორე თამაში გაცილებით ხანმოკლე და ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, რადგანაც ერთი ჩოგბურთელის უპირატესობა აშკარაზე აშკარა იყო.

მედისონ კიზმა კოკო ვანდევეგეს უშანსოდ 6:1 6:2 აჯობა და დიდი სლემის ფინალში, სტივენსის მსგავსად პირველად გავიდა.

ასე რომ, ამერიკის ღია პირველობის 2017 წლის გათამაშებაზე, ახალი თაობის ამერიკული ფინალი შედგება - 24 წლის სტივენსი, 22 წლის კიზის წინააღმდეგ ითამაშებს.

ფინალური შეხვედრა US OPEN-ის მთავარ კორტ არტურ ეშზე შაბათს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები