Aa
Aa

დელ პოტრო 1/2 ფინალში, ფედერერი - სახლში... - ამერიკის ღია პირველობის მიმოხილვა

ამერიკის ღია პირველობაზე გუშინ მორიგი სათამაშო დღე იყო და მამაკაცებსა და ქალებს შორის 1/4 ფინალური შეხვედრები ჩატარდა.

დღის მთავარი მატჩი ხუან მარტინ დელ პოტრომ და როჯერ ფედერერმა ითამაშეს. გამარჯვება არგენტინელს დარჩა, რომელმაც "მხიარული როჯერი" 4 სეტში 7:5 3:6 7:6 6:4 დაამარცხა.

შეხვედრაში გარდამტეხი მომენტი მესამე სეტის ტაიბრეიკზე დადგა, როცა ფედერერი 6:4 იგებდა და ორმაგი სეტბოლი ჰქონდა, მათ შორის ერთი საკუთარ ჩაწოდებაზე, შემდეგ ასევე საკუთარ ჩაწოდებაზე 7:6 იგებდა, თუმცა მოწოდება დათმო, საბოლოოდ კი მესამე სეტის ტაიბრეიკი დელ პოტრომ 10:8 მოიგო და პარტიებში 2:1 დაწინაურდა.

მეოთხე სეტის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც დელ პოტრომ მე-5 გეიმში შეასრულა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

ძალიან მარტივად მოიგო თავისი მატჩი რაფაელ ნადალმა. "მატადორმა" რუსი ამომავალი ვარსკვლავი ანდრეი რუბლიოვი 3 სეტში დაამარცხა და ჯამში მხოლოდ 5 გეიმი დაუთმო - 6:1 6:2 6:2. 

1/2 ფინალში დელ პოტრო და ნადალი ერთმანეთზე გავიდნენ. მეორე 1/2 ფინალში კი, მსოფლიოს 32- ჩოგანი სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი და ATP- რეიტინგის მე-19 ნომერი ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა ითამაშებენ.

ქალთა თანრიგის 1/4 ფინალებში მასპინძელმა ამერიკელებმა სუპერწარმატებულად ითამაშეს და 1/2 ფინალის ოთხივე მონაწილე შეერთებული შტატების წარმომადგენელი იქნება.

3 სეტსა და შესაბამის დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს ვენუს უილიამსმა და სლოუნ სტივენსმა, რომელთაც პეტრა კვიტოვა და ანასტასია სევასტოვა დატოვეს ტურნირს მიღმა. 37 წლის უილიამსს აღნიშნული ტურნირი 1999 და 2009 წლებში აქვს მოგებული, ხოლო სტივენსი გათამაშების 1/2 ფინალში პირველად ითამაშებს. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ფინალურ შეხვედრაში გასასვლელად დღეს შუა ღამის 3 საათზე დაუპირისპირდებიან.

უილიამსისა და სტივენსის თამაშის დამთავრების შემდეგ, კორტზე კოკო ვანდევეგე და მედისონ კიზი გამოვლენ.

WTA- რეიტინგის მე-20 ნომერმა ვანდევეგემ ტურნირის 1/4 ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინა პლიშკოვა 2 სეტში, 7:6 6:3 დაამარცხა.

 

კიზმა კი გასულ რაუნდში ესტონელი კაია კანეპის წინააღმდეგომა საკმაოდ მარტივად დაძლია - 6:3 6:3. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები