ნოვაკ ჯოკოვიჩს განათლება სჭირდება
Aa
Aa

ნოვაკ ჯოკოვიჩს განათლება სჭირდება

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განათლების მიღების სურვილი გამოთქვა, აგრეთვე პრესასთან ურთიერთობებზე ილაპარაკა.

"არ მაქვს უმაღლესი განათლება და ვნანობ ამის გამო. სრულად კმაყოფილი ვარ საკუთარი საჩოგბურთო კარიერით, მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ მესმის, რომ უნდა გავაგრძელო მუშაობა საკუთარ განათლებაზე. ნათესავები და მეგობრები ძალიან მეხმარებიან ამაში. მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენი საქციელი - ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება რაღაც წერტილამდე მიგვიყვანოს. უნდა იცოდე სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და არ ეჩხუბო მათ მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდი დღე გაქვს. მიყვარს საკუთარ თავზე მუშაობა, რაღაც ახლის გაგება. ამასწინ საქსოფონი მაჩუქეს და ჩავთვალე, რომ ეს არის მასზე დაკვრის შესწავლის კარგი შესაძლებლობა. ახლა, ვითვისებ ამ ინსტრუმენტს.

ჩემი ბავშვობა ძალიან განსხვავდებოდა ATP-ის ტურში კოლეგების უმრავლესობის ბავშვობისგან. ეს დამეხმარა შემენარჩუნებინა მოკრძალებულობა და დავრჩენილიყავი ნორმალურ ადამიანად. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მით უმეტეს, საკუთარი თავის ქება. რამდენიმე წელი ვცხოვრობდი ბელგრადში იმ დროს, როცა ქალაქი ნატო-ს მიერ იბომბებოდა. ფინანსური პრობლემები გვქონდა, მაგრამ ბავშვობიდან კარგი მოგონებებიც დამრჩა. რთულმა ბავშვობამ მასწავლა ცხოვრებაში კარგი და მნიშვნელოვანი ამბების დაფასება.

მესმის და ვიღებ იმას, რომ უნდა ვიცხოვრო პრესისა და გულშემატკივრების ყურადღების ქვეშ, მაგრამ არსებობს პირადი სივრცე. დღემდე ისეთ ადამიანად დავრჩი, როგორიც ადრე ვიყავი. მომწონს ლაპარაკი იმაზე, რასაც ვფიქრობ, ძალიან მგრძნობიარე ვარ და შეიძლება უჩვეულო ადამიანადაც მოგეჩვენოთ. ჩემს გარშემო ხალხმა იცის, რომ ვინარჩუნებ პატიოსნებასა და სამართლიანობას სხვების მიმართ. მაგრამ, ბოლო დროს არ შემიძლია ვილაპარაკო ყველაფერზე, რასაც ვფიქრობ, რადგან ზოგიერთი რამ ბუმერანგივით მიბრუნდება. 

დასამალი არაფერი მაქვს, უბრალოდ, პრესას აქვს მიდრეკილება გააბუქოს ნებისმიერი საკამათო მომენტი და გააღვივოს მტრობა ჩოგბურთელებს შორის. ხშირად სიტყვები და ფრაზები ამოვარდნილია კონტექსტიდან და თავდაყირაა დაყენებული. იდეალური სიტუაცია იქნება, თუ ვილაპარაკებ იმას, რასაც ვფიქრობ, მაგრამ იძულებული ვარ თავი შევიზღუდო", - განაცხადა სერბულ პრესასთან ინტერვიუში ჯოკოვიჩმა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები