რა ხდება კოუტინიოსა და დემბელეს ირგვლივ? ყველაფერი მალე დასრულდება
Aa
Aa

რა ხდება კოუტინიოსა და დემბელეს ირგვლივ? ყველაფერი მალე დასრულდება

ფელიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება.

მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის და დღეიდან "ბარსელონა", მხოლოდ საბოლოო შეთავაზებებს გააკეთებს.

The Times-ის ცნობით, კატალონიელებმა "მერსისაიდელებს" ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის ვადაც 20 აგვისტოს ბოლოს სრულდება.

ულტიმატუმი შემდეგში მდგომარეობს - "ბარსელონამ" ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 125 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთა, რაზეც უარი მიიღო. "ლივერპულს" დამატებით 24 საათი ეძლევა, რომ დაფიქრდეს და თანხმობა განაცხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ბლაუგრანა" წინადადებას უკან წაიღებს და მოლაპარაკკებები დაიხურება.

რაც შეეხება უსმან დემბელეს, "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიახელ ცორკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჩვენი პოზიცია ნათელი და გასაგებია. თუ, ისინი ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, დემბელე გუნდს ამ ზაფხულშივე დატოვებს. ხოლო, თუ "ბარსელონა" უარს იტყვის, მაშინ ფეხბურთელი ახალ სეზონს ჩვენთან გაატარებს". - განაცხადა ცორკმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ", "დორტმუნდს" ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსების სახით 20 მილიონი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღეს. გერმანელების თქმით, ისინი დემბელეს მხოლოდ 150 მილიონად შეელევიან.

ძნელი წარმოსადგენია, რომ "ბლაუგრანამ" 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც ჯერ არაფერი დაუმტკიცებია 150 მილიონი ევრო გადაიხადოს. კატალონიელები, ამ დღეებში გერმანელებს ახალი წინადადებით მიმართავენ, რომელიც საბოლოო იქნება.

მთლიანობაში სიტუაცია "ლივერპულისა" და "დორტმუნდის" სასიკეთოდ ნამდვილად არ არის. კოუტინიომაც და დემბელემაც საჯაროდ დააფიქსირეს, რომ მათ კატალონიაში გადაბარგება სურთ. რამდენად გამართლებულია, როცა ასეთი ფეხბურთელების გუნდში დატოვებას ძალით ცდილობ? როცა, კონკრეტულ მოთამაშეს შენთან დარჩენა აღარ სურს, ადვილი მისახვედრია, რომ იგი დარჩენის შემთხვევაში ძველი მონდომებითა და ხალისით ვეღარ ითამაშებს. რა თქმა უნდა, მათ მიმართ ქომაგებიც აგრესიით განეწყობიან.

თავის მხრივ, ის მიდგომა, რომელიც "ბარსელონას" აქვს არასწორია. შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" წარმომადგენლებმა ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები "ლივერპულისა" და "დორტმუნდის" გარეშე დაიწყეს, რამაც საბოლოოდ ეს რეალობა მოგვცა, რომელიც დღეს გვაქვს.

ორივე ფეხბურთელის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი დიდი ალბათობით უახლოეს 2 დღეში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები