The Times: კონტე ხელმძღვანელებს ეჩხუბა და ტრანსფერებს ითხოვს!
Aa
Aa

The Times: კონტე ხელმძღვანელებს ეჩხუბა და ტრანსფერებს ითხოვს!

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით, ანტონიო კონტე ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელებს შეხვდა, რაც მათთან ჩხუბით დასრულდა.

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი სატრანსფერო ბაზარზე არასაკმარისი აქტიურობა არის. გუნდის ბოსები, რატომღაც არ ჩქარობენ საჭირო მოთამაშეების დამატებას.

კონტემ ხელმძღვანელებს იმ მოთამაშეთა სიაც წარუდგინა, ვისი დამატებაც 31 აგვისტომდე სურს. სია ასე გამოიყურება: ფერნანდო ლორენტე ("სუონსი", 32 წლის), ივან პერიშიჩი და ანტონიო კანდრევა ("ინტერი", 28 და 30 წლის), ვირჯილ ვან დეიკი ("საუთჰემპტონი", 26 წლის), ალექს სანდრო ("იუვენტუსი", 26 წლის). 

კონტეს, ლეონარდო ბონუჩის შეძენაც სურდა, რომელიც საბოლოოდ "მილანში" აღმოჩნდა.

ცნობისთვის, "ჩელსიმ" უკვე დახარჯა 124 მილიონი ფუნტი. გუნდში მოვიდა ალვარო მორატა, ტიემუ ბაკაიოკო და ანტონიო რუდიგერი. გუნდს, ასევე შეუერთდა 35 წლის გოლკიპერი ვილი კაბალიერო, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლდათ.

და როგორია კლუბის პოზიცია? "არისტოკრატთა" ბოსებს მიაჩნიათ, რომ კონტე აკადემიის აღზრდილებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს. პლიუს, ისინი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ დიეგო კოშტას სანაცვლოდ ზამთარში ჩინელები 100 მილიონს იხდიდნენ, გუნდმა ამაზე უარი თქვა. და რით დასრულდა ეს? სეზონის დასრულებისთანავე იტალიელ სპეციალისტს ფეხბურთელთან ურთიერთობა საბოლოოდ დაეძაბა, რამაც კოშტას გუნდიდან მოკვეთა გამოიწვია. ახლა კი ლონდონელები მის გაყიდვას ვერ ახერხებენ.

"ლურჯებში", ჯერჯერობით ასეთი ვითარებაა და უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა მიმართულებას აირჩევს კლუბი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები