Aa
Aa

კლასიკური "კლასიკო" და არაკლასიკური მსაჯობა...

ესპანეთის სუპერთასის 2017 წლის გათამაშების პირველ შეხვედრაში "რეალმა" სტუმრად "ბარსელონას" 3:1 მოუგო და ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ანგარიში 50-ე წუთზე გაიხსნა, როცა მარსელოს გამჭოლი გადაცემა ფეხზე პიკეს აეჭრა და ბურთი ტერ შტეგენის კარში აღმოჩნდა.

წონასწორობა "ბარსამ" 77-ე წუთზე მესის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით აღადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ პენალტი არასამართლიანად დაინიშნა, რადგანაც ლუის სუარესმა ეპიზოდი საოცრად გააფორმა და მსაჯი მის ფანდს წამოეგო.

მესის პენალტიდან 3 წუთში მადრიდელთა უსწრაფესი კონტრშეტევა კრიშტიანუ რონალდუს ლამაზი დარტყმით დაგვირგვინდა. პორტუგალიელმა ლიონელ მესის მიბაძა და "ნოუ კამპს" საკუთარი მაისური გამოუფინა, რისთვისაც ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

82-ე წუთზე რონალდუ მაღალ სისწრაფეზე საჯარიმოში შედიოდა, როცა იგი უმტიტისთან კონტაქტის შემდეგ დაეცა და პენალტის დანიშვნას ითხოვდა, მსაჯმა კი "რეალის" ლიდერს სიმულაციის გამო, მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. გაცხარებულმა რონალდუმ რიკარდო დე ბურგოსს ხელი მიარტყა, რისთვისაც მას 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება. 

თამაშის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე მარკო ასენსიომ ბრწყინვალე დარტყმით დააფიქსირა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ახლო ცხრიანში გაიტანა.

საპასუხო შეხვედრა, ოთხშაბათს, 16 აგვისტოს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები