Aa
Aa

ობამეიანგი ხელფასის დაკლებაზე თანახმაა, ჯერი "მილანზეა"...

იტალიური Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, პიერ-ემერიკ ობამეიანგი მზადაა კომპრომისზე წავიდეს და „მილანის“ მიერ შეთავაზებულ წლიურ ხელფას 8 მილიონ ევროს დათანხმდეს. არადა გაბონელი ფორვარდის აგენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ფეხბურთელს ახალი კლუბისგან სულ მცირე 12-13 მილიონი ევროს მიღება სურდა.

შესაბამისად, ობამეიანგი ახლა „როსონერის“ ელოდება რამდენად შეძლებს ის „დორტმუნდთან“ სატრანსფერო ფასზე მოლაპარაკებას.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ იტალიელებმა გერმანელებს 60 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთეს, თუმცა „დორტმუნდმა“ უარი განაცხადა და მკაცრად გამოაცხადა, რომ მისი ლიდერი 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაიყიდება.

„მილანი“ და „დორტმუნდი“ ამჟამად შეკრებას ჩინეთში გადიან და დღეს ერთმანეთში ამხანაგურ მატჩს გამართავენ. თამაში თბილისის დროით 15 საათსა და 20 წუთზე დაიწყება.

აქვე დავამატოთ, რომ „როსონერი“ პარალელურად ანდრეა ბელოტისა და ალვარო მორატას ტრანსფერზე მუშაობს. მორატას თაობაზე გუშინდელ სატრანსფერო ზონაში ვრცლად ვისაუბრეთ, რაც შეეხება ბელოტის, Tuttomercatoweb-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დაბლოკილი შეთავაზების შემდეგ, მილანელებმა ახალი წინადადება მოამზადეს და უახლოეს დღეებში „ტორინოს“ 50 მილიონ ევროსა და 2 ფეხბურთელს - მბაიე ნიანგსა და მანუელ ლოკატელის შესთავაზებს. გარიგებაში ასევე შესაძლოა გაბრიელ პალეტაც ჩაერთოს, რომლის მიმართ ინტერესს ფლორენციის „ფიორენტინაც“ იჩენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები