გარბინ მუგურუსა
Aa
Aa

გარბინ მუგურუსა "უიმბლდონის" გამარჯვებულია!

უიმბლდონის ჩემპიონი ქალთა თანრიგში გარბინიე მუგურუსა ბლანკო გახდა. 23 წლის ესპანელმა გადამწყვეტ მატჩში ვინუს უილიამსი 7:5, 6:0 დაამარცხა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო. ამერიკელმა კი მეოთხედ წააგო უიმბლდონის ფინალი.

მუგურუსა უიმბლდონის ფინალში პირველად 2015 წელს გავიდა და მაშინ სერენა უილიამსთან დამარცხდა, ამჯერად კი უფროს უილიამსს არაფერი გამოუვიდა. პირველ სეტში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ვინუსს შანსი ჰქონდა, მეათე გეიმში სეტი მოეგო, თუმცა გარბინიემ 15:40-დან ჩამორჩენა აღმოფხვრა და ქულა მოიგო. ამის შემდეგ კი, პირიქით, ესპანელმა დააბრეიკა უილიამსი და მეტოქე გატეხა. მეორე სეტში ამერიკელს არაფერი გამოუვიდა, სამჯერ დაბრეიკდა, 10-ჯერ შეცდომა დაუშვა და 0:6 წააგო. საბოლოოდ მუგურუსამ საათსა და 18 წუთში მოიპოვა სანატრელი ტიტული.

ამ გამარჯვებით გარბინიე განახლებულ რეიტინგში 10 ადგილით დაწინაურდება და მეხუთე პოზიციაზე იქნება, უილიამსის წინსვლა კი მოკრძალებულია - 37 წლის ჩოგბურთელი მე-11-დან მე-9 ადგილზე აინაცვლებს. ესპანელმა ტურნირის მოგებით 2 200000 გირვანქა სტერლინგი დაიმსახურა, ხოლო ამერიკელმა – 1 100000.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები