საქართველო პორტუგალიასთან დამარცხდა
Aa
Aa

საქართველო პორტუგალიასთან დამარცხდა

2 ივლისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს და პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირებით ევრო 2017 ოფიციალურად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ გორში სრული ანშლაგი იყო. 

მატჩის დაწყებამდე ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ლაშა ონიანის დადგმულ ღონისძიებაში ოსეთის, აფხაზეთის, აჭარისა და რუსთავის სახელმწიფო ანსამბლებთან ერთად საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრები და ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეთა ჯგუფი - Switch Dance Union მონაწილეობდნენ. 

შეხვედრა საქართველოს 19-წლამდე ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა შექმნილი მომენტების რეალიზება ვერ შეძლეს და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. მატჩის სტარტზე კარგი მომენტები ჰქონდათ არაბიძესა და ჩაკვეტაძეს, მაგრამ ორივე შემთვევაში შემტევებს პორტუგალიელთა მეკარემ აჯობა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გავიდა. რუი პედრომ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. 

მატჩს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაესწრო. 

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ტურნირის მომდევნო შეხვედრას 5 ივლისს 17 საათსა და 30 წუთზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები