საქართველოს პარლამენტმა უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასს უმასპინძლა
Aa
Aa

საქართველოს პარლამენტმა უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასს უმასპინძლა

2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასს დღეს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ჩემპიონატის ელჩმა ზურა ხიზანიშვილმა თასი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე წარადგინეს. სტუმრებმა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისათვის და ზოგადად, საქართველოში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, შეხვედრის დასასრულს განაცხადა, რომ მსგავსი მასშტაბის ტურნირის მასპინძლობა საქართველოსთვის დიდი პატივია.

„მოხარული ვართ, რომ საქართველო ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩვენთვის ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ტურნირია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა სამაგალითოდ უმასპინძლებს მას. ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის“. - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გულშემატკივრებს თამაშებზე დასწრებისკენ მოწოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ.

„2-დან 15 ივლისამდე, საქართველო მასპინძლობს უპრეცედენტო საფეხბურთო ღონისძიებას. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, გორი და თბილისი ემზადებიან ამ ტურნირის ჩასატარებლად. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ მობრძანდნენ თამაშზე. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზება და აგრეთვე, სპორტული წარმატება“. - განაცხადა სფფ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე, როგორც მომავლის ტურნირზე ისაუბრა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

„2 ივლისიდან საქართველოს პორტუგალიის, ჰოლანდიის, გერმანიის, ბულგარეთის, ინგლისის, შვედეთის და ჩეხეთის 19 წლამდე ნაკრები გუნდები ეწვევიან, რომლებიც კონტინენტის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ეს არის უდიდესი შანსი თითოეული ფეხბურთელისთვის, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და პირველ რიგში, წარმატება მოუტანოს თავის ქვეყანას“. - თქვა იაშვილმა

ტურნირის დაწყებამდე 1 თვით ადრე, ჩემპიონატის მთავარმა სიმბოლომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მოგზაურობა. ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იმყოფებოდა. ტურნირის ელჩმა, ზურა ხიზანიშვილმა პირადად მიაწოდა ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია ყველა მსურველს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თამაშების განრიგი გააცნო და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. ევროპის ჩემპიონატის თასის ტური 28 ივნისს, ქუთაისში დასრულდა.

ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი თბილისსა და გორში 2-15 ივლისს ჩატარდება. მასში საქართველოს, ჩეხეთის, შვედეთის, პორტუგალიის, ინგლისის, გერმანიის, ბულგარეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირის გახსნითი შეხვდრა 2 ივლისს ჩატარდება - ერთმანეთს საქართველო და პორტუგალია დაუპირისპირდებიან.

 

წყარო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები