ქართულმა გუნდებმა ევროტურნირები მარცხით დაიწყეს
Aa
Aa

ქართულმა გუნდებმა ევროტურნირები მარცხით დაიწყეს

სამივე ქართულმა გუნდმა "ევროპა ლიგის" 2017-2018 წლების გათამაშება მარცხით დაიწყო. ტურნირის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო", საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" ასპარეზობენ.

"ტორპედომ" სლოვაკეთში "ტერნჩინთან" გამანადგურებელი მარცხი განიცადა და განმეორებითი მატჩი ფორმალობად იქცა - 1:5. 

არადა, ქუთათურებმა თამაში კარგად დაიწყეს და მე-11 წუთზე დოლიძის პასით ანგარიში გიორგი გურულმა გახსნა. თუმცა პირველსავე ტაიმში "ტრენჩინის" ფორვარდმა ანტონიო მანსემ დუბლი ჩაიწერა, რასაც მეორე ნახევარში სატაკოვიჩის, პაურისა და ბერიძის გოლები მოყვა.

20 წლის გიორგი ბერიძემ 90 წუთი ითამაშა და გოლის გარდა ასისტიც ჩაიწერა. როგორც იცით, იგი საქართველოს მოქალაქეა და "ზესტაფონისა" და "დილას" შემადგენლობაში უთამაშია, ხოლო ახლა ბელგიური "გენტის" საკუთრებაა და სლოვაკურ კლუბში იჯარის წესით გამოდის.

საჩხერის "ჩიხურამ" თავისი მატჩი თბილისში "დინამო არენაზე" ავსტრიულ "ალტახთან" ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე გავიდა და მისი ავტორი "ალტახის" კამერუნელი ლეგიონერი ნგვატ-მაჰოპი გახდა.

ანალოგიური ანგარიშით წააგო ბათუმის "დინამომაც", რომელმაც პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ "იაგელონიას" ქუთაისში უმასპინძლა.

მე-16 წუთზე ბათუმელთა მეკარე ტიმოფეევმა შერიდანს პენალტი აუღო, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე იმავე შერიდანმა მატჩის ერთადერთი ბურთი გაიტანა.

საპასუხო შეხვედრები ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, 6 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები