Aa
Aa

"ბორჯღალოსნები" არგენტინასთან დამარცხდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ივნისის ტესტმატჩები მარცხით დაასრულა. "ბორჯღალოსნები" არგენტინასთან 45-29 დამარცხდნენ.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აღმაშფოთებელი იყო სამსაჯო ბრიგადის ქმედებები. როდესაც ანგარიში საბრძოლო იყო, მთავარმა არბიტრმა, 2 ძალიან საკამათო ჯარიმა აჩუქა მასპინძლებს, შემდეგ კი მორიგი აფსურდული გადაწყვეტილება მიიღო და გიორგი ნემსაძეს მოედანი დაატოვებინა. ამ ყველაფრით, რა თქმა უნდა ისარგებლეს არგენტინელებმა და ანგარიშში წინ გაიჭრნენ.

39-ე წუთზე, როცა 26-3-ს ვმარცხდებოდით, ლაშა ხმალაძის დაწყებული შეტევა, დავით კაჭარავამ გააგრძელა და შეხვედრაში პირველი ლელოც მოგვიტანა. გარდასახვა არაზუსტად შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა და შესვენებაზე, ტაბლოზე 26-8 დაფიქსირდა.

მეორე ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" დაბნეულად დაიწყეს და დაისაჯნენ კიდეც. 43-ე წუთზე სწრაფი ლელო მივიღეთ. 

52-ე წუთზე, შერკინებაში დარღვევის გამო, საქართველოს ნაკრებმა ტექნიკური ლელო მოიპოვა და ანგარიში 33-15 გახადა.

ამის შემდეგ, კვლავ "პუმებმა" გააკონტროლეს თამაში. მასპინძებმა ზედიზედ 3 ლელო დაგვიდეს. უნდა ითქვას, რომ "ბორჯღალოსნების" დაცვის ხაზი თავიდან ბოლომდე მოშლილი იყო.

68-ე წუთზე ჩვენების ხანგრძლივი შეტევა სოსო მათიაშვილის ლელოთი დასრულდა. გარდასახვა თავადვე შეასრულა და ანგარიში 45:22 გახადა.

79-ე წუთზე კი არგენტინელების 22 მეტრიანში "ბორჯღალოსნებმა" საკუთარი აუტი მოიგეს, მოლის შეკვრის შემდეგ, შალვა მამუკაშვილმა ლელო დადო, სოსო მატიაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 45:29 დააფიქსირა.

ცხელი ამბები