Aa
Aa

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა არგენტინასთან

ამერიკული ტურნეს დასკვნით მატჩში ბორჯღალოსნები არგენტინას პრაქტიკულად უძლიერესი შემადგენლობით ეთამაშება. ჰუჰუიში შეხვედრა 24 ივნისს, საქართველოს დროით 23:15 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი "ტელე იმედზე’.

მეხუთედ არგენტინასთან

2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ‘მსოფლიო რაგბმა’ ბორჯღალოსნებს პირველი დონის გუნდებთან ტესტ-მატჩების გამართვის შესაძლებლობა მისცა. შედეგად, მსოფლიო თასს მიღმა ბობოლებთან მეოთხედ ვთამაშობთ და მეორედ არგენტინასტან. პირველად 2013 წელს, სწორედ არგენტინას შევხვდით და მასპინძლებმა სან ხუანში მატჩის მიწურულს დადებული ლელოთი 29:18 იმარჯვეს. 

მას შემდეგ იყო ვიზიტი დუბლინში (2014 წელს ირლანდიასთან) და ქილმარნოქში (2016 წელს შოტლანდიასთან) და ახლა კვლავ ‘პუმებს’, არგენტინის ჩრდილოეთით ჰუჰუიში ვეთამაშებით. დღემდე სამხრეთ ამერიკელებთან 4-ჯერ გვითამაშია, სამჯერ მსოფლიო თასზე (2007, 2011 და 2015 წლები) და გამარჯვება ყველა ჯერზე მეტოქეს დარჩა.

მჭედლიძე ბრუნდება

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა უკვე დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომლებიც არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებენ. თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მორაგბეებს, შემადგენლობა უძლიერესია.

განვლილ ორ კვირაში ბორჯღალოსნებმა ჩრდილოეთ ამერიკაში ორი თამაში გამართეს და კანადასა და აშშ-სთან სტუმრად პირველი გამარჯვებები მოიპოვეს: პირველს ქარიან ქალგარში 13:0, ხოლო მეორეს მზიან ატლანტაში 21:17 ვძლიეთ. ორი ტესტი ითამაშა არგენტინამ შესუსტებულ ინგლისთან (‘ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების’ ახალ ზელანდიაში ტურნეს გამო) და ორივე ჯერზე ბრძოლაში დამარცხდა - 34:38 და 25:35. 

ჩვენი შემადგენლობა თითქმის ისეთივეა, როგორიც ერთი კვირის წინ აშშ-სთან მოგებულ შეხვედრაში იყო. ხაზში ერთი ცვლილებაა - სასტარტოში ბრუნდება გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომელსაც ნაკრების კვართით შარშან ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

ერთი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, რომელიც განვლილ შეხვედრაში დაშავდა, თამაშს სოსო ბეკოშვილი დაიწყებს. კიდევ უფრო ადრე, კანადასთან დაშავდა ანტონ ფეიქრიშვილი და მწვრთნელები თამაშის წინ გადაწყვეტენ ვინ იქნება ბეკოშვილის შემცვლელი - ნიკოლოზ ხატიაშვილი თუ ფეიქრიშვილი.

მილთონ ჰეიგი ამბობს, რომ ამ თამაშს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

“ხვალინდელი მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ არგენტინა ღონიერი გუნდია, რომელიც ხელით სწრაფად და უშეცდომოდ თამაშობს. მას შემდეგ რაც ის ‘ზე რაგბსა’ და ‘რაგბი ჩემფიონშიფს’ (4 ერი) დაემატა, უდავოა, რომ დღეს-დღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია.

ეს ჩენთვის კარგ შესაძლებლობაა ვნახოთ სად ვართ. ასეთი თამაშების შესაძლებლობა მსოფლიო თასის გარეთ ხშირად არ გვეძლევა და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ამ კვირაში განსაკუთრებულად კარგად მოვემზადეთ. ადგილობრივებმა ჰუჰუიში ძალიან კარგი სტუმარ-მასპინძლობა გაგვიწიეს, რისთვისაც მათ დიდი მადლობას ვუხდი.

ფაქტია, რომ შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება. ეს არის ჩვენი მიზანი, ის რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ“.

 

წყარო: rugby.ge

ცხელი ამბები