Aa
Aa

ოფიციალურად: ყაზაიშვილი MLS-ში გადავიდა!

24 წლის ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ამერიკულ საფეხბურთო ლიგა MLS-ში გააგრძელებს.

მისი ტრანსფერი "სან ხოსემ" გუშინ ღამით ოფიციალურად დაადასტურა და ამაზე კლუბის გენერალურმა დირექტორმა ჯესი ფიორანელმა ისაუბრა.

"ჩვენ ვეძებდით ახალგაზრდა შემტევს, რომლის მოსვლაც კლუბის გულშემატკივრებს გაახარებდა და ამასთანავე "სან ხოსეში" დიდი ხნის მანძილზე დარჩებოდა.

გვსურდა მოთამაშე, რომელიც ერთი-ერთზე თამაშისას ძლიერია და გუნდის თამაშს მრავალფეროვნებას შესძენდა. ასეთი ვაკო აღმოჩნდა, რომელთანაც შეთანხმება მიღწეულია და იგი ამიერიდან "სან ხოსეს" ფეხბურთელია". - განაცხადა კალიფორნიული კლუბის გენერალურმა დირექტორმა.

ყაზაიშვილი ბოლო 6 წელი არნემის "ვიტესის" საკუთრება იყო და ჰოლანდიური კლუბის მაისურით 104 მატჩში 25 გოლი და 10 ასისტი ჩაიწერა. მან 2016-17 წლების სეზონი განათხოვრების წესით ვარშავის "ლეგიაში" გაატარა.

ფაქტია, რომ ამერიკულმა კლუბმა ყაზაიშვილი "ვიტესისგან" გამოისყიდა, თუმცა კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

"სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში 16 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-7 პოზიციაზეა და ფლეი-ოფში გასვლის რეალური შანსი აქვს, თუმცა შეტევაში აშკარად გაძლიერებას საჭიროებდა, რადგან მასზე ცოტა გოლი მხოლოდ აუტსაიდერებს - "დისი იუნაიტედსა" და "კოლორადოს" აქვთ გატანილი.

დავამატოთ ისიც, რომ "სან ხოსე" MLS-ის ორგზის გამარჯვებულია - კალიფორნიელებმა ჩემპიონის ტიტული 2001 და 2003 წლებში მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები