დავით ყიფიანი 66 - დღე, რომელიც სხვებისგან გამორჩეულია
Aa
Aa

დავით ყიფიანი 66 - დღე, რომელიც სხვებისგან გამორჩეულია

დღეს, 18 ივნისს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეს, დავით ყიფიანს 66 წელი შეუსრულდებოდა (ზოგიერთ წყაროში 18 ნოემბერი).

ხშირად მიფიქრია, თუ რა მოხდებოდა, რომ დღეს დავით ყიფიანი ცოცხალი ყოფილიყო. ასეთ მდგომარეობაში იქნებოდა, თუ არა ქართული ფეხბურთი? ალბათ არა...

ყიფიანი არის, ქართული ფეხბურთის სახე. ჩვენი საფეხბურთო დეენემი ასეთია.

დავით ყიფიანი თბილისის "დინამოში" 12 წელი (1969, 1971-82) თამაშობდა. ჩატარებულ 351 შეხვედრაში მან 126-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. მისი მონაგარი საკმაოდ შთამბეჭდავია: საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (2), ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, ბროლის თასის ორგზის გამარჯვებული, სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი (1977), ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, მან ასევე ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში. გარდაცვალების შემდეგ ფიფას ღირსების ორდენის კავალერი გახდა. საქართველოში ყიფიანს დაფასება და სიყვარული არ აკლდა. 2001 წელს ეროვნული თასის გათამაშებას, სწორედ მისი სახელი მიენიჭა. 

ალბათ ყველასთვის და მათ შორის ჩემთვისაც, დღემდე მწარე გასახსენებლად რჩება 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანეთში, სადაც სსრკ-ის სამუნდიალო სიაში ყიფიანი არ შეიყვანეს. იმ დროს, ქართველების ჩაგვრა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სულმდაბლური საქციელი, რუსებისთვის ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა. 

არიან გამონაკლისებიც. ცნობილი რუსი ჟურნალისტი და კომენტატორი, ვასილი უტკინი თავის ბლოგზე წერისას იხსენებს: "მაშინ ბავშვი ვიყავი და ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ დატოვეს ყიფიანი სამუნდიალო განაცხადს მიღმა. როდესაც გავიზარდე და ზრდასრულ ადამიანად ჩამოვყალიბდი, ახლაც გაუგებრად რჩება, სამწვრთნელო შტაბის მაშინდელი საქციელი... მე წილად მხვდა ბედნიერება და პირადად გავიცანი დავით ყიფიანი. ის მომენტი, ალბათ არასდროს დამავიწყდება. წარმოუდგენელი შეგრძნება იყო, ამ საოცარი პროფესიონალის, შესანიშნავი ადამიანის წინ დგომა და მასთან საუბარი." - წერს ბლოგზე ვასილი უტკინი.

შესაშურია ის ადამიანები, რომლებმაც ყიფიანის ეპოქაში იცხოვრეს და მისი ჯადოსნური თამაშის ხილვის ბედნიერება ხვდათ წილად.

დავით ყიფიანი, 2001 წლის 17 სექტემბერს მომხდარ ავტოავარიას შეეწირა...

 

მამუკა კუკულაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები