From Hero to Zero - ან უბრალოდ სიყვარულდან სიძულვილამდე...
Aa
Aa

From Hero to Zero - ან უბრალოდ სიყვარულდან სიძულვილამდე...

ჯანლუიჯი დონარუმა თითქმის ყველა ინტერვიუში "მილანს" სიყვარულს ეფიცებოდა, თუმცა დღეს მას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ცივი უარი გამოუცხადა.

დონარუმა მხოლოდ 18 წლისაა და იგი ჯერ ჩამოყალიბებული ადამიანი ვერ იქნება, შესაბამისად, მისთვის გარშემომყოფების, ახლობლებისა თუ ოჯახის წევრების ნათქვამს განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს.

თემა იქით მიგვყავს, რომ თინეიჯერი მეკარის ამ გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა მისმა აგენტმა მინო რაიოლამ მოახდინა. 

ასე რომ არ ყოფილიყო, სიტუაცია ერთ დღეში ვერ შეიცვლებოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ "მილანის" ხელმძღვანელები დონარუმასა და მის ოჯახს შეხვდნენ და კონტრაქტის 2022 წლამდე გახანგრძლივებაზე სიტყვიერ შეთანხმებასაც მიაღწიეს. ამ შეხვედრით რაიოლამ უკმაყოფილება ღიად გამოხატა და მკვახე კომენტარებიც გააკეთა.

დღეს მხარეებმა და მათ შორის რაიოლამაც საბოლოო შეხვედრა გამართეს, რომელსაც ფეხბურთელის მომავალი უნდა გაერკვია, საკითხი ორგვარი იყო - დონარუმა ან კონტრაქტს გააგრძელებდა ან ამაზე უარს იტყოდა.

რამდენიმე საათის წინ casa milan-ში სპეციალური პრესკონფერენცია მოეწყო, რომელზეც "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა მარკო ფასონემ დაადასტურა, რომ დონარუმასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და ის ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

"მილანის" ტიფოზები დონარუმასა და მის ჯიბეგასქელებულ აგენტს უკვე აუმხედრდნენ და სოციალურ ქსელებში სალანღძავი სიტყვების კორიანტელია.

ასეა... დონარუმა, რომელიც ცოტა ხნის წინ სისხლით და ხორცით "როსონეროდ" ითვლებოდა და კლუბის გერბს ყველა შესაძლებლობისას კოცნიდა, წასვლაზე დაიყოლიეს. 

საქმე არც ასე ტრაგიკულადაა. დიდი ალბათობით, "მილანი" მეკარეს ამ ზაფხულს სარფიანად გაყიდის, ხოლო ალესანდრო პლიცარის, რომელიც ასევე უდიდესი ტალანტია და უკვე ევროპული გრანდების ყურადღებასაც იპყრობს, მეტი შანსი მიეცემა.

პლიცარი 17 წლისაა. მისი გადაყვანა "სიტის" სურდა, თუმცა "ქალაქელებს" უარი ადრიანო გალიანიმ უთხრა, რომელსაც ფეხბურთში ბევრი რამ აქვს ნანახი და იშვიათად ცდება...

გავიხსენოთ გალიანის სიტყვები პლიცარიზე: "ეს ბიჭი ძალიან მშრომელია. სულ ბაზაზეა და ვარჯიშობს. ასევე უყვარს ფლეისთეიშენის თამაში და კითხვა. იგი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელიც "მილანმა" არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას. ის გუნდის მომავალია".

დონარუმამ რაიოლას მიერ ნაჩვენები გზა აირჩია, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს... შენების გზაზე დამდგარ "მილანს" ნამდვილი "მილანისტები" სჭირდება. მაგალითად ისეთი, როგორიც არამილანელი (ჯერჯერობით მაინც) ანდრეა ბელოტია...

"როსონერიმ" ამ ბოლო ხანებში კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კლუბს თავისი პრინციპები აქვს და ვისაც არ უნდა, შეუძლია წავიდეს, მათ შორის ვიცე-კაპიტანსაც, რომელსაც თურმე თვალი კონკურენტში გადასვლაზე ეჭირა.

პრინციპები მნიშვნელოვანია, მის გარეშე არც ადამიანი ფასდება და არც გუნდი დაფასდება...

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები