მატჩის წინ - აიაქსი VS მანჩესტერი
Aa
Aa

მატჩის წინ - აიაქსი VS მანჩესტერი

დღეს, 22:45 საათზე, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, Friends Arena-ზე, "ევროპის ლიგის" 2016-2017 წლების სეზონის გადამწყვეტი შეხვედრა დაიწყება. 

მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო, თამაში წუთიერი დუმილის თანხლებით გაიხსნება.

მნიშვნელოვანი ფაქტები და სტატისტიკები

* "ევროპის ლიგის" 2016-2017 წლების სეზონის ფინალში, ტურნირის 1991-1992 წლების ჩემპიონი "აიაქსი" და ამ გათამაშებაში ჯერაც უტიტულო "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან. 

* "აიაქსი" და "მანჩესტერი" თავიანთთვის პირველ "ევროპის ლიგის" (ამ სახელით) ფინალს ითამაშებენ.

* "აიაქსი" პირველი ჰოლანდიური კლუბია, რომელმაც "ევროპის ლიგის" ფინალში გააღწია.

* "მანჩესტერი" მეოთხე ინგლისური კლუბია, რომელიც "ევროპის ლიგის" ფინალში გავიდა.

* ეს გუნდები ერთმანეთში მე-5 ურთიერთშეხვედრას ჩაატარებენ - 2-2 მოგება.

* "აიაქსი" ევროტურნირების ფინალში მეთხუთმეტედ ითამაშებს - 10 მოგება და 4 წაგება.

* "მანჩესტერი" ევროტურნირების ფინალში მეთორმეტედ ითამაშებს - 6 მოგება და 5 წაგება.

* "მანჩესტერი" ევროტურნირებზე ზედიზედ 10 მატჩია არ მარცხდება.

* "აიაქსმა" მიმდინარე "ევროპის ლიგაზე" 225 საგოლე მომენტი შექმნა, ხოლო კარში ზუსტად 95-ჯერ დაარტყა.

* "მანჩესტერმა" მიმდინარე "ევროპის ლიგაზე" 208 საგოლე მომენტი შექმნა, ხოლო კარში ზუსტად 76-ჯერ დაარტყა.

* "აიაქსის" ფეხბურთელებმა მიმდინარე "ევროპის ლიგაზე" თამაშის წესი 236-ჯერ დაარღვიეს, 45 ყვითელი და 4 წითელი ბარათი მიიღეს.

* "მანჩესტერის" ფეხბურთელებმა მიმდინარე "ევროპის ლიგაზე" თამაშის წესი 176-ჯერ დაარღვიეს, 21 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მიიღეს.

* "აიაქსს" აქვს შანსი გახდეს მეორე კლუბი, რომელიც სხვადასხვა ფორმატის/სახელის ორივე ევროტურნირს მოიგებს. აქამდე ეს მხოლოდ "პორტოს" აქვს გაკეთებული, რომელსაც "უეფას თასიც" და "ევროპის ლიგაც" და "ჩემპიონთა თასიც" და "ჩემპიონთა ლიგაც" აქვს მოგებული. თუმცა "აიაქსისგან" განსხვავებით, "პორტოს" "თასების მფლობელთა თასი" არ მოუგია...

* კასპერ დოლბერგს "ევროპის ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში 6 გოლი აქვს გატანილი. ბომბარდირთა დავას ედინ ჯეკო ("რომა") და ჯულიანო ("ზენიტი") 8-8 გოლით ლიდერობენ.

* მიმდინარე ტურნირზე კასპერ დოლბერგზე ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან - მის წინააღმდეგ წესი 25-ჯერ დაირღვა.

* პოლ პოგბას წლევანდელ ტურნირზე ყველაზე მეტი პასი აქვს გაკეთებული. მან თანაგუნდელებისთვის ბურთის გადაწოდება 953-ჯერ სცადა და ეს 840-ჯერ ზუსტად გააკეთა.

* თუკი "მანჩესტერი" მოიგებს და მაიკლ კერიკი მოედანზე იქნება, იგი "ევროპის ლიგის" (და არა - "უეფას თასის") ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდება - 35 წლის და 300 დღის.

* თუკი "აიაქსი" მოიგებს და მატიის დე ლიხტი მოედანზე იქნება, იგი "ევროპის ლიგის" ("უეფას თასისაც") ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდება - 17 წლის და 285 დღის.

* მოურინიო მწვრთნელობისას "აიაქსს" 6-ჯერ შეხვედრია. იგი ექვსივეჯერ "რეალის" მწვრთნელი იყო, ყველა თამაში მოიგო - ბურთების საერთო შეფარდება 20:2.

* მოურინიომ გუნდი ევროტურნირის ფინალში 3-ჯერ გაიყვანა და სამივე ფინალი მოიგო - 2003 წელს "უეფას თასი" "პორტოსთან" ერთად, 2004 წელს "ჩემპიონთა ლიგა" "პორტოსთან" ერთად, ხოლო 2010 წელს "ჩემპიონთა ლიგა" "ინტერთან" ერთად.

* მოურინიოს შეუძლია რაფაელ ბენიტესის შემდეგ გახდეს მეორე მწვრთნელი, რომელსაც "უეფას თასთან" ერთად "ევროპის ლიგაც" ექნება მოგებული. 

გუნდების ახალი ამბები

* "აიაქსმა" ჰოლანდიის ჩემპიონატი 10 დღის წინ დაასრულა, შესაბამისად, გუნდი გასულ უქმეებზე ისვენებდა.

* ჰოლანდიელებს დისკვალიფიცირებული მცველი, ნიკ ვირგევერი და ტრავმირებული ნახევარმცველი, დელი სინკგრავენი არ ეყოლებათ. ეს უკანასკნელი ძირითადის წევრად ისედაც არ ითვლება.

* "მანჩესტერმა" პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "კრისტალ პალასს" 2:0 მოუგო. გოლები ჰაროპმა და პოგბამ გაიტანეს.

* ინგლისელებს დისკვალიფიცირებული ბაილი და ტრავმირებულები - შოუ, იბრა, როხო და იანგი დააკლდებათ.

მწვრთნელების კომენტარები

პეტერ ბოში: "მატჩისწინა დაძაბულობა სრულიად გასაგებია. ეს ჩემი ფეხბურთელებისთვის პირველი ფინალია და ისინი ღელავენ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე ეს არ შეეტყობათ.

თუკი ჩვენი თამაშის ჩვენებას შევძლებთ, "მანჩესტერის" დამარცხების შანსიც გვექნება. 

ჩემი ფეხბურთელები ძალიან ახალგაზრდები არიან და მათ ამ თამაშისთვის განსაკუთრებით ვამზადებთ. ეს მწვრთნელის პროფესიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის". 

ჟოზე მოურინიო: "ჩვენ ყველა მომხდარი ტრაგედიით შოკირებული ვართ და ამის დავიწყება რთულია. თითოეული დაღუპულის ოჯახს ვუსამძიმრებთ. 

თუმცა ჩვენი საქმე მოვალეობებს გვაკისრებს და ახლა თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ისე ვემზადებით, როგორც ყველა დიდი მატჩის წინ.

აქ ყოფნისას მივხვდი, რომ დღეს თითოეული მანჩესტერელი ერთია".

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი: ონანა - ველტმანი, სანჩესი, დე ლიხტი, რიდევალდი - ზიეჩი, კლაასენი, შონე - ტრაორე, იუნესი, დოლბერგი.

მანჩესტერი: რომერო - ვალენსია, ჯოუნსი, ბლინდი, დარმიანი - ფელაინი, ერერა, პოგბა - მხითარიანი - ლინგარდი, რაშფორდი.

შეხვედრას სლოვენიელი რეფერი, დამირ სკომინა იმსაჯებს.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები