აიაქსი VS მანჩესტერი - ფაქტები და სტატისტიკები
Aa
Aa

აიაქსი VS მანჩესტერი - ფაქტები და სტატისტიკები

"ევროპის ლიგის" 2016-2017 წლების სეზონის ფინალში, ტურნირის 1991-1992 წლების ჩემპიონი "აიაქსი" და ამ გათამაშებაში ჯერაც უტიტულო "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან. 

გუნდები

"აიაქსი" და "მანჩესტერი" თავიანთთვის პირველ "ევროპის ლიგის" (ამ სახელით) ფინალს ითამაშებენ.

"აიაქსი" პირველი ჰოლანდიური კლუბია, რომელმაც "ევროპის ლიგის" ფინალში გააღწია.

"მანჩესტერი" მეოთხე ინგლისური კლუბია, რომელიც "ევროპის ლიგის" ფინალში გავიდა.

ეს გუნდები ერთმანეთში მე-5 ურთიერთშეხვედრას ჩაატარებენ - 2-2 მოგება.

"აიაქსი" ევროტურნირების ფინალში მეთხუთმეტედ ითამაშებს - 10 მოგება და 4 წაგება.

"მანჩესტერი" ევროტურნირების ფინალში მეთორმეტედ ითამაშებს - 6 მოგება და 5 წაგება.

"მანჩესტერი" ევროტურნირებზე ზედიზედ 10 მატჩია არ მარცხდება.

"აიაქსმა" მიმდინარე "ევროპის ლიგაზე" 225 საგოლე მომენტი შექმნა, ხოლო კარში ზუსტად 95-ჯერ დაარტყა.

* "მანჩესტერმა" მიმდინარე "ევროპის ლიგაზე" 208 საგოლე მომენტი შექმნა, ხოლო კარში ზუსტად 76-ჯერ დაარტყა.

"აიაქსის" ფეხბურთელებმა მიმდინარე "ევროპის ლიგაზე" თამაშის წესი 236-ჯერ დაარღვიეს, 45 ყვითელი და 4 წითელი ბარათი მიიღეს.

* "მანჩესტერის" ფეხბურთელებმა მიმდინარე "ევროპის ლიგაზე" თამაშის წესი 176-ჯერ დაარღვიეს, 21 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მიიღეს.

"აიაქსს" აქვს შანსი გახდეს მეორე კლუბი, რომელიც სხვადასხვა ფორმატის/სახელის ორივე ევროტურნირს მოიგებს. აქამდე ეს მხოლოდ "პორტოს" აქვს გაკეთებული, რომელსაც "უეფას თასიც" და "ევროპის ლიგაც" და "ჩემპიონთა თასიც" და "ჩემპიონთა ლიგაც" აქვს მოგებული. თუმცა "აიაქსისგან" განსხვავებით, "პორტოს" "თასების მფლობელთა თასი" არ მოუგია...

ფეხბურთელები

"აიაქსის" შემტევი, ბერტრან ტრაორე, კლუბში "ჩელსიდანაა" განათხოვრებული. იგი გარკვეული პერიოდის მანძილზე ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობდა.

"აიაქსის" თინეიჯერი გარემარბი, ჯასტინ კლუივერტი, ცნობილი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის ვაჟია.

დელი ბლინდი თავის მშობლიურ კლუბს უპირისპირდება.

"მანჩესტერის" ყოფილი მეკარე, ედვინ ვან დერ სარი, "აიაქსში" თამაშობდა, ხოლო ახლა ამ გუნდის გენერალური დირექტორია.

"მანჩესტერის" მეკარე, სერხიო რომერო და "აიაქსის" მცველი, ნიკ ვირგევერი, 2010-2011 წლების სეზონში, "ალკმაარში" თანაგუნდელები იყვნენ.

"მანჩესტერის" მცველი, ტიმოტი ფოსუ-მენსა, ამსტერდამშია დაბადებული და "აიაქსის" სკოლის აღზრდილია.

კასპერ დოლბერგს "ევროპის ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში 6 გოლი აქვს გატანილი. ბომბარდირთა დავას ედინ ჯეკო ("რომა") და ჯულიანო ("ზენიტი") 8-8 გოლით ლიდერობენ.

პოლ პოგბას წლევანდელ ტურნირზე ყველაზე მეტი პასი აქვს გაკეთებული. მან თანაგუნდელებისთვის ბურთის გადაწოდება 953-ჯერ სცადა და ეს 840-ჯერ ზუსტად გააკეთა.

მიმდინარე ტურნირზე კასპერ დოლბერგზე ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან - მის წინააღმდეგ წესი 25-ჯერ დაირღვა.

თუკი "მანჩესტერი" მოიგებს და მაიკლ კერიკი მოედანზე იქნება, იგი "ევროპის ლიგის" (და არა - "უეფას თასის") ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდება - 35 წლის და 300 დღის.

თუკი "აიაქსი" მოიგებს და მატიის დე ლიხტი მოედანზე იქნება, იგი "ევროპის ლიგის" ("უეფას თასისაც") ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდება - 17 წლის და 285 დღის.

მწვრთნელები

პეტერ ბოში "აიაქსის" მწვრთნელი გასულ ზაფხულს გახდა. იგი კლუბში თელ-ავივის "მაკაბიდან" მივიდა.

ბოში ფეხბურთელობისას "ფეიენოორდთან" ერთად 1992-1993 წლებში ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა.

53 წლის ბოშმა გუნდი ევროტურნირის ფინალში პირველად გაიყვანა.

მოურინიო მწვრთნელობისას "აიაქსს" 6-ჯერ შეხვედრია. იგი ექვსივეჯერ "რეალის" მწვრთნელი იყო, ყველა თამაში მოიგო - ბურთების საერთო შეფარდება 20:2.

მოურინიომ გუნდი ევროტურნირის ფინალში 3-ჯერ გაიყვანა და სამივე ფინალი მოიგო - 2003 წელს "უეფას თასი" "პორტოსთან" ერთად, 2004 წელს "ჩემპიონთა ლიგა" "პორტოსთან" ერთად, ხოლო 2010 წელს "ჩემპიონთა ლიგა" "ინტერთან" ერთად.

მოურინიოს შეუძლია რაფაელ ბენიტესის შემდეგ გახდეს მეორე მწვრთნელი, რომელსაც "უეფას თასთან" ერთად "ევროპის ლიგაც" ექნება მოგებული. 

ფინალური შეხვედრა სტოკჰოლმში იმართება და მისი მსაჯი სლოვენიელი დამირ სკომინაა.

თამაში 22:45 საათზე დაიწყება.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები