მატჩის წინ - მანჩესტერი VS სელტა
Aa
Aa

მატჩის წინ - მანჩესტერი VS სელტა

დღეს, 23:05 საათზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "სელტა", "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშებენ.

პირველი შეხვედრა ინგლისელებმა მარკუს რაშფორდის ერთადერთი გოლით მოიგეს. 

მნიშვნელოვანი ფაქტები და სტატისტიკები

* "ევროპის ლიგა" ("უეფას თასი") ერთადერთი საკლუბო ტურნირია, რომელიც "მანჩესტერს" არასდროს მოუგია. 

* ვიგოს "სელტა" ევროტურნირების 1/2 ფინალში თავის ისტორიაში პირველად თამაშობს.

* "მანჩესტერის" მე-19 ნომერმა, 19 წლის მარკუს რაშფორდმა, წინა მატჩში თავისი საამსეზონო მე-19 გოლი შეაგდო. 

* რაშფორდმა კარიერაში პირველი ჯარიმა "სელტას" კარში გაიტანა.

* "მანჩესტერმა" ამ სეზონში ევროტურნირის ექვსივე სახლის მატჩი მოიგო.

* "მანჩესტერს" ევროტურნირების ეგიდით გასვლაზე მოგებული პირველი მატჩის შემდეგ, უპირატესობა ხელიდან არასდროს გაუშვია.

* მიმდინარე ტურნირის გასვლით მატჩებში "სელტას" კარგი შეგედები აქვს - 3 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება.

* "სელტა" ბოლო დროს ცუდ ფორმაშია და უკანასკნელი 5 ოფიციალური მატჩი ზედიზედ აქვს წაგებული. ბოლოს მან 16 აპრილს ლა ლიგის უსუსტესი გუნდი, "გრანადა" დაამარცხა.

* "სელტას" ახალგაზრდა შემტევმა, პიონე სისტომ, გასული წლის "ევროპის ლიგაზე" "მიდტიულანდის" მაისურით "მანჩესტერს" ორივე შეხვედრაში გაუტანა.

* "სელტას" საყრდენი, პაბლო ერნანდესი, მიმდინარე "ევროპის ლიგაზე" ყველაზე ხშირად ჯარიმდება. მან წესი 39-ჯერ დაარღვია. აღსანიშნავია, რომ არცერთ სხვა ფეხბურთელს 23 ჯარიმაზე მეტი არ აუღია.

* პოლ პოგბა, დანიელ ვასი ("სელტა") და ამინ იუნესი ("აიაქსი") ის ფეხბურთელები არიან, ვინც "ევროპის ლიგის" ამ სეზონის 13-ვე თამაშში მიიღეს მოანწილეობა.

* ჟოზე მოურინიოს ეს ტურნირი 2003 წელს აქვს მოგებული. მან ეს "პორტოსთან" ერთად გააკეთა.

* ედუარდო ბერისო ფეხბურთელობისას ამ ტურნირზე "მარსელთან" და "სელტასთან" ერთად თამაშობდა. ბერისო ცენტრალური მცველი გახლდათ და არგენტინის ნაკრებში 1996-2000 წლებში 13 თამაში აქვს ჩატარებული. 

* "მანჩესტერს" ევროტურნირებზე 3 პენალტების სერია აქვს ნათამაშები, რომელთაგანაც მხოლოდ 1 მოიგო.

* "სელტას" ევროტურნირებზე პენალტების სერია არასდროს უთამაშია.

გუნდების ახალი ამბები

* "მანჩესტერმა" პრემიერ ლიგაში "არსენალთან" გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და "ემირეითს სთედიუმზე" 0:2 წააგო, რითაც ჩემპიონატში 25 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

* ინგლისელებს ტრავმის გამო შოუ, იბრაჰიმოვიჩი და როხო არ ეყოლებათ.

* "სელტა" ესპანეთის ჩემპიონატში უმოტივაციოა და სტუმრად "მალაგასთან" ლიდერები დაასვენა. ვიგოელებმა თამაში 0:3 დათმეს.

* ესპანელები დღევანდელი მატჩისათვის ჯუზეპე როსისა და კარლეს პლანიასს მოისაკლისებენ.

მწვრთნელების კომენატრები

ჟოზე მოურინიო: "ტიტულები კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. ცალკე სათქმელია, რა თქმა უნდა, ევროტურნირების ფინალში გასვლა და იქ წარმატების მიღწევა.

ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ეს ტიტული ჩვენ გუნდს არასდროს მოუგია. ასე რომ, მისთვის გაორმაგებული ძალითა და ენთუზიაზმით ვიბრძოლებთ.

ამ ფორმაციის გუნდისათვის ეს პირველი ევროპული წარმატება იქნება. 

ამ ტურნირზე დიდი გზა გამოვიარეთ და გვსურს ეს შრომა წყალში არ გადაიყაროს. ჩვენ მხოლოდ ჩემპიონობა გვინდა". 

ედუარდო ბერისო: "დარწმუნებული ვარ, მეტოქე ინიციატივის აღებასა და თამაშის მოგებას ეცდება. ეს ჩვენთვის დიდი მატჩი და დიდი გამოწვევაა. 

"მანჩესტერ იუნაიტედი" არის გუნდი, რომელიც მუდამ წნეხის ქვეშაა და მასთან დაკავშირებულ თითოეულ დეტალს უწვრილესად განიხილავენ. 

ჩვენ გარეშე ფაქტორებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ". 

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერი: რომერო - ვალენსია, ბაილი, ბლინდი, დარმიანი - ფელაინი, ერერა, პოგბა - მხითარიანი - ლინგარდი, რაშფორდი. 

სელტა: სერხიო ალვარესი - უგო მალიო, კაბრალი, რონკალია, ხონი კასტრო - რადოია, პაბლო ერნანდესი - ვასი - იაგო ასპასი, სისტო - გუიდეტი. 

შეხვედრას რუმინელი არბიტრი, ოვიდიუ ჰაცეგანი განსჯის.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები