Aa
Aa

"ინტერი" შესაძლოა სპალეტიმ ჩაიბაროს

მილანის "ინტერმა" გუშინ ღამით სტეფანო პიოლი გაათავისუფლა და იტალიურ პრესაში მის შემცვლელზე უკვე ალაპარაკდნენ. 

საინტერესოა, რომ ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში "ნერაძურიმ" დედაქალაქური "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორის, ვალტერ საბატინის თავის რიგებში გადასვლის შესახებ გამოაცხადა.

საბატინიმ "რომა" სეზონის სტარტზე, კლუბის პრეზიდენტ ჯეიმს პალოტასთან აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა. 

მას ახლა უკვე 2 სამსახური აქვს, რადგანაც სპორტული დირექტორის პოსტს ჩინურ კლუბ "ძიანსუ სუნინ ნანძინში" იკავებს. ამ ჩინურ გუნდსა და "ინტერს" ერთი კომპანია - Suning Holdings Group-ი ფლობს.

კარგა ხანია მილანელთა მესვეურები ინტერესს დიეგო სიმეონესა და ანტონიო კონტეს მიმართ გამოხატავენ, თუმცა Corriere dello Sport-მა დღეს დაწერა, რომ საბატინი კლუბში თავისი წინადადებით მივიდა და იგი თავკაცის პოსტზე ლუჩიანო სპალეტის დანიშვნას მოითხოვს. 

ასევე ითქვა ისიც, თითქოს სპალეტი და "ინტერის" ხელმძღვანელობა უკვე შეხვდნენ და სხვადასხვა საჭირო თემებზე ისაუბრეს.

სპალეტის ამჟამად "რომასთან" კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ მისი კლუბიდან წასვლის შესახებ ხმები დიდი ხანია ვრცელდება.

აქვე დავამატოთ, რომ იტალიური პრესა სტეფანო პიოლის "ფიორენტინას" მომავალ მწვრთნელად ასახელებს, სადაც მან პაულო სოუზა უნდა ჩაანაცვლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები