დოლბერგი
Aa
Aa

დოლბერგი "მილანსაც" მოუნდა

ამსტერდამის "აიაქსის" უნიჭიერესი ფორვარდი, კასპერ დოლბერგი, ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი თინეიჯერი ფეხბურთელია.

იგი მიმდინარე სეზონში შესაშურად პროდუქტიულია და ამსტერდამელთა რიგებში მართლაც ბრწყინვალე საფეხბურთო წელს ატარებს. დოლბერგს ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 44 შეხვედრაში 20 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს აქტივში.

ასეთი სტატისტიკისა და მისი თამაშის შემხედვარე, რა გასაკვირია, რომ დანიელით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ. ცოტა ხნის წინ "სიტისა" და "იუნაიტედის" ინტერესზე დაიწერა, ხოლო დღეს იტალიურ პრესაში "მილანის" სურვილმაც გაიჟღერა. 

იტალიელი ჟურნალისტები საქმის გარკვევას შეეცადნენ და დანიელის აგენტს დაუკავშირდნენ, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"კონტაქტი ბევრ კლუბთან მაქვს, თუმცა ჯერჯერობით მათგან იტალიური არცერთია". - განუცხადა აგენტმა Sport Mediaset-ს. 

შუა კვირაში "აიაქსმა" "ევროპის ლიგის" პირველ 1/2 ფინალურ მატჩში "ლიონი" 4:1 გაანადგურა. დოლბერგმა ფრანგებთან შეხვედრაში ანგარიში 2:0 გახადა, გარდა ამისა, პირველი და მეოთხე გოლის ეპიზოდებშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 

დოლბერგი 1997 წელს გახლავთ დაბადებული და 20 წლის ზაფხულში ხდება.

ვისაც მისი თამაში უნახავს, დაგვეთანხმება, რომ დანიელი ფორვარდი ძალიან მრავალმხრივია - იგი თანაბრად წარმატებულია, თავითა და ფეხით თამაშისას. უკანაც კარგად იწევს და ბურთის განაწილებაც მშვენივრად გამოსდის. მატჩისას ბევრს მოძრაობს, კარგად იყენებს კორპუსს და თანაგუნდელებთან კომბინირებაც ეხერხება, რაც მის ტექნიკურობაზეც მიუთითებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები