კვიტოვამ ფინალში კუზნეცოვას მოუგო
Aa
Aa

კვიტოვამ ფინალში კუზნეცოვას მოუგო

მადრიდის ქალთა ტურნირზე ფინალის შემადგენლობა უცნაური აღმოჩნდა: კორტზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩდნენ პეტრა კვიტოვა და სვეტლანა კუზნეცოვა. წელს ვერც ერთი მათგანი ვერ ბრწყინავდა. ჩეხმა იანვრიდან მოყოლებული ვერსად ვერ მოიგო ზედიზედ ორი მატჩი, ინდიან უელსსა და მაიამიში კი საერთოდ არ უთამაშია. 

რაც შეეხება კუზნეცოვას, ის ბოლოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ფინალში 2009 წელს იყო. რუსმა მადრიდშიც პირველი სამი შეხვედრა ურთულეს ბრძოლებში მოიგო, სამაგიეროდ, ნახევარფინალში ძალიან იოლად გაუსწორდა თანამემამულე მარია შარაპოვას.

ნამდვილი გმირობა ჩაიდინა ნახევარფინალში კვიტოვამ - მან წელს პირველი მარცხი აგემა სერენა უილიამსს. ჩეხს ფანტასტიკური სტატისტიკა ჰქონდა: 25 "ვინერსი" და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კი 17 ქულა აიღო აქტიური მოქმედებით და 29 შეცდომა დაუშვა. ბოლოსკენ ამერიკელმა ზედიზედ ორი გეიმი მოიგო და თითქოს დაუბრუნა შეხვედრას ინტრიგა, მაგრამ კვიტოვამ მაინც აიცილა თავიდან ნერვული დასასრული - 6:2, 6:3.

ამ მატჩის შემდეგ შეწყდა სერენას სამი ბრწყინვალე სერია: ზედიზედ 50 მოგება უმაღლესი კატეგორიის (Premier Mandatory) ტურნირებზე, ზედიზედ 27 მოგება ტურში და 19 მოგება მადრიდში.

ფინალში დაძაბულ ბრძოლას ელოდნენ. კვიტოვასა და კუზნეცოვას წინა ოთხი შეხვედრიდან სამში სამსეტიანი დაძაბული ბრძოლა იყო. ერთადერთი შეხვედრა გრუნტზე გასულ წელს როლან გაროსზე შედგა და რუსმა ბოლო სეტში 9:7 მოიგო. მაგრამ, ამჯერად, ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. ცხადი იყო: თუ კვიტოვა ისეთ თამაშს აჩვენებდა, რაც უილიამსის წინააღმდეგ ჰქონდა, კუზნეცოვა უშანსოდ დარჩებოდა. ასეც მოხდა ჩეხმა თავიდანვე მიხედა საქმეს და ზედიზედ შვიდი ქულა აიღო. რუსმა 0:40-დან გადაარჩინა საკუთარი მოწოდება, მაგრამ ამით მისი გმირობები პირველ პარტიაში დასრულდა. კვიტოვა ჯაბნიდა მეტოქეს სისწრაფესა და დარტყმების ძალაში. "ვინერსებში" სხვაობა გამაოგნებელი იყო - 14:1 ჩეხის სასარგებლოდ.

მეორე სეტში კუზნეცოვა ოდნავ უკეთ მოქმედებდა, უფრო მეტს უტევდა, მაგრამ ფინალის ბედის თავის სასარგებლოდ გარდატეხა ვერ შეძლო. პეტრა უმაღლეს დონეზე მოქმედებდა და დაიმსახურა გამარჯვება - 6:1, 6:2.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები